ცვლილება პედაგოგებისთვის - ვის შეეძლება სკოლაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის გარეშე მუშაობა?

მასწავლებელი

საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენას გულისხმობს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სისტემაში არსებული დეფიციტის მართვისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობები.

მათ შორის, სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა იმ პირებსაც მიეცემათ, რომელთაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების კუთხით მხოლოდ პროფესიული განათლება აქვთ. თუმცა, მხოლოდ პროფესიული განათლების მქონე პირებისთვის ასევე სავალდებულო იქნება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ან მასწავლებლის მომზადების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციის მიხედვით, ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, რაც, მათ შორის, განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნით, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიების სწავლების უფლება მხოლოდ არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს აქვთ.

ამასთან, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით, არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სხვა ახალგაზრდებიც, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ ამ მიმართულებით უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხი.

შესაბამისად, კანონში არსებულ ჩანაწერს ემატება, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების დაშვება, რაც გაზრდის ტექნოლოგიების მიმართულებით მაძიებლად დასაქმების შესაძლებლობას.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების არსებული დეფიციტის აღმოფხვრას.

ამასთან, სკოლაში დასაქმების მიზნით, მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ჩაბარებული იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სკოლაში ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიმართულების კვალიფიციური მასწავლებლებით შევსებას,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება: სპეციალური მასწავლებლის დამატებითი კატეგორია - შემცვლელი სპეციალური მასწავლებელი.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს სკოლას შესაძლებლობას მისცემს, კონკურსის გამოცხადების პარალელურად, კადრის საბოლოო შერჩევამდე, ამ კატეგორიის პედაგოგთან დროებითი ხელშეკრულება გააფორმოს.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებმაც შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით კომპეტენცია ვერ დაადასტურეს, განათლების სისტემის დატოვება მოუწიათ, რამაც სკოლებში ამ მიმართულების კადრების დეფიციტი შექმნა.

„2026 წლის 1 იანვრიდან, იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებმაც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით ვერ დაადასტურეს კომპეტენცია, მოუწიათ განათლების სისტემის დატოვება, რამაც გამოიწვია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი.

აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ აისახება საქართველოს მაღალმთიან და შორეულ სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებზე, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (შემდგომ - სსსმ) მოსწავლეები სწავლობენ და სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება ხშირად შეუძლებელია.

ეს გარემოება მნიშვნელოვან ბარიერს შეუქმნის და მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს სსსმ მოსწავლეთა ეფექტურ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში.

ამასთან, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის (შვებულება, დეკრეტი და ა.შ.) შეცვლაც, რათა არ გაცდეს საათები და მაქსიმალურად დაცულ იქნას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესები.

შემოთავაზებული ცვლილებებით, სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც“, - ნათქვამია დოკუმენტში.

BPN