• Ƀ/$

ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, ეკონომიკური ზრდა და დასაქმება

2 მარტი 13:39 | ინტერვიუ

მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, მათი ეფექტები მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში – თემაზე M2B საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

M2B - ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მიერ სულ უფრო აქტიურად ხდება პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი საწარმოების პრეზენტაცია, რამდენად აქვს ამ პროგრამებს ზეგავლენა ეკონომიკაზე, პირველ რიგში დასაქმების თვალსაზრისით? ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ეს პროგრამების ნაკლებეფექტური.


გიორგი ცუცქირიძე: – მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას წინ უძღოდა პროგრამები „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. მე პრინციპულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოსდა სამთავრობო პროგრამები “აწარმოე საქართველოში“ ან „დანერგე მომავალი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით არის ნაკლებ ეფექტური და მით უმეტეს არაფრის მომტანი. სამწუხაროდ, ამ სახის შეფასებებს არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან და წმინდა სუბიექტურ ხასიათს ატარებს.


M2B – მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში რა დოზით არის ჩართული საბანკო სისტემა?


გიორგი ცუცქირიძე:  – ამ პროგრამაში აქტიურად არის ჩართული საბანკო სექტორი. „აწარმოე საქართველოს“ 5 კომპონენტიდან მარტო ინდუსტრიულ კომპონენტში საბანკო კრედიტით 2016-2017 წლებში დაფინანსებულია 125 საწარმო, როგორც ახალი საწარმოები, ასევე არსებული წარმოების გასაფართოებლად.  საკმაოდ ფართო პროფილით, დაწყებული საკვებითა და სასმელი წყლებით, სამშენებლო მასალების წარმოებით დამთავრებული.. მაგალითისათვის, საბანკო კრედიტის მოცულობა 103 ათასიდან 9.2 მლნ ლარამდეც კი იყო, ხოლო ცალკეული ინვესტიციების მოცულობა 35 მილიონ ლარამდე. სულ ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 284.8 მილიონ ლარს, რომლის შედეგადაც დასაქმდება 5100 ადამიანი.


სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტში, 40 მდე სასტუმრო დაფინანსდა საბანკო კრედიტით როგორც გაფართოების მიზნით, ისე ახალი სასტუმროების დასაფუძნებლად, სადაც კრედიტის მოცულობა 210 ათასიდან 6 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო ცალკეული ინვესტიცია 23 მილიონ ლარამდე. სულ ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება 108 მილიონ ლარს შეადგენს. დასაქმდება 1200-ზე მეტი ადამიანი. ახალი სასტუმრო ნომრების რაოდენობა იზრდება 1100-ზე მეტი ერთეულით და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სასტუმროების უმრავლესობა რაიონებშია, ტურისტული ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით, ცოტა ნამდვილად არ არის.



M2B – სოფლის მეურნეობის მიმართულების მხარდაჭერა რამდენად პრიორიტეტული და ეფექტიანია?


გიორგი ცუცქირიძე:  – სოფლის მეურნეობის სექტორში 30–მდე საწარმო დაფინანსთა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სამაცივრე მეურნებით დაწყებული, ჩაის წარმოებით, ხილის, ხორცის და რძის გადამუშავებით დამთავრებული. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, შედარებით მცირე ზომის საწარმოებში 15-40 ადამიანია დასაქმებული, ხოლო გაცილებით დიდი ზომის საწარმოებში მაგალითისათვის, ტანსაცმელის და ტექსტილის საწარმოო პროფილით, 3000 ადამიანამდეც კი.


M2B – უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რამდენია სახელმწიფო პროგრამების პარალელურად საბანკო სექტორის წილი მცირე ბიზნესის დაფინანსებაში?


გიორგი ცუცქირიძე:  – პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია 329 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 800 მლნ ლარზე მეტია, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა კი 411 მლნ ლარს აჭარბებს. სულ, მარტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელების შედეგად, ჩვენ მივიღებთ 13 000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. 


ეს რომ ცარიელი ციფრები არ არის, ერთი კონკრეტული საწარმოს მაგალითიც გამოდგება. ეს არის ორი წლის წინ დაფინანსებული კომპანია „ჯორჯიან პროდუქტი“, რომელიც არის სპეციალიზირებული ავეჯის და აქსესუარების წარმოებაზე. მისი წარმოებული პროდუქცია დღეს მთლიანად ევროპის ქვეყნებში იყიდება, ანუ 100%–ით ექსპორტზეა ორიენტირებული. დასაქმებულია 500 ადამიანი, ხოლო საბანკო კრედიტის მოცულობა 1 მლნ ლარის ექვივალენტი იყო. ამ ორი წლის მანძილზე მარტო მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში ჩარიცხულია 600 ათას ლარზე მეტი, აქ არ ვთვლი საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, რომელიც ასევე სოლიდური გამოდის. თუ ჩავთვლით, რომ საშუალო თვიური ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენს, მარტო ბოლო ერთ წელიწადში საშემოსავლო გადასახადის ჯამური მოცულობა 1,5 მლნ ლარს უტოლდება.


ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა გამოიხატება წლიური პროცენტის თანადაფინანსებაში, და თუ ამასაც 2 წლის მანძილზე გადავიანგარიშებთ, ეს თანხა 107 ათას ლარამდე გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მთლიანად ამოღებულია სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების კომპონენტი. როგორც ვხედავთ, ის ბიუჯეტში მარტო მოგების გადასახადით არის რამდენჯერმე გადაფარული. აი ეს არის რეალობა და, თუ გნებავთ, წმინდა ეკონომიკური ეფექტიც.


M2B – სახელმწიფო პროგრამებით კერძო სექტოირის მხარდაჭერის საერთაშორისო გამოცდილების ეფექტი რამდენად გათვალისწინებულია საქართველოში?


გიორგი ცუცქირიძე:  – საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები საშუალოდ 39 ათას აშშ  დოლარს აჭარბებს, ხოლო ცალკეულ ქვეყნებში, თუნდაც შვეიცარია და ლუქსემბურგი რომ ავიღოთ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. შვეიცარიაში 76 ათასი აშშ დოლარია, ხოლო ლუქსემბურგში -110 ათასი.


M2B – რა რეალური ეკონომიკური ეფექტი აქვს ამ პროგრამებს?


გიორგი ცუცქირიძე:  – როგორც აღვნიშნე, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 800 მლნ ლარზე მეტია, რაც  მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს. ეს არ არის მცირე ციფრი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში წმინდა ინვესტიციების მთლიანი მოცულობა მშპ-ის 10-11%-ის ფარგლებში მერყეობდა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინვესტიცია სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, დაფინანსებული საწარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზეა ორიენტირებული. ეს ფაქტორი არა მხოლოდ ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ამცირებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით არის ძალზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მათი საექსპორტო ორიენტაციიდან გამომდინარე, ამ საწარმოებში შემოდის თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც დამატებით ღირებულებასთან ერთად, ქმნის მაღალტექნოლოგიურ ქართულ პროდუქტს, მუშა ხელის კვალიფიკაციას და გაზრდილ შემოსავლებს თავი რომ დავანებოთ.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ამ პროგრამის და მასში ჩართული კომპანიების საქმიანობის პოპულარიზაცია მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ეკონომიკის რეალური სექტორი, ხოლო ადგილობრივი წარმოების განვითარება არის დასაქმების და ეკონომიკური კეთილდღეობის გასაღები. აქვე მსურს შევეხო სამინისტროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რაც საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით, მენეჯერთა გადამზადებას მოიცავს. ამ სახის პროგრამები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის (DCTFA) შეთანხმების თვალსაზრისით. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ძალზე კარგი შანსი, აქ წარმოებული პროდუქტი შეზღუდვების გარეშე გავიტანოთ ევროკავშირის 500–მილიონიან ბაზარზე. და ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი – აქ წარმოებული პროდუქციის  100 %-იან ექსპორტი – ზემოთ უკვე ვახსენე.


ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენთან ხშირად კეთდება არასწორი მინიშნებები დაფინანსებული საწარმოების ზომებზე და დასაქმებულთა რაოდენობაზე. თითქოს ამ საწარმოებს ათი ათასობით ადამიანი უნდა დაეფინანსებინათ. არადა ამ პროგრამების მთავარი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა და არც თუ მცირე რაოდენობით ადამიანის დასაქმება შეძლო. შედარებით მსხვილი საწარმოების დაფინანსების პროგრამა ხორციელდება თანაინვესტირების ფონდის ეგიდით.


ამასთან, ეს პროგრამები რეალურად სულ ორი წელია რაც დაიწყო, ამ საწარმოების ნაწილი ჯერ ისევ გაშვების პროცესშია, რეალურ შედეგებს კი წარმოება საშუალოდ 3-5 წლის შემდეგ იძლევა. დღეს ჩვენ ამ პერიოდს გავდივართ. როგორც ვხედავთ, ამის შედეგები ნაწილობრივ უკვე ასახულია ეკონომიკაზე, ხოლო მისი დადებითი ეფექტი მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. სსფ-ის საშუალოვადიანი პროგნოზითაც კი ჩვენ 2018-2021 წლებში მთელს რეგიონში და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, საშუალოდ 5%-ის ფარგლებში.


სხვა სიახლეები