• Ƀ/$

სავალუტო ფონდი ლარიზაციის პროექტს მხარს უჭერს

16 აპრილი 16:56 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სავალუტო ფონდი მხარს უჭერს, ეროვნული ბანკის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ლარიზაციის ზრდისკენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ის პროგრამის მიმოხილვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„საქართველომ შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკის და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით. ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესებულია პირველი მიმოხილვის დროს არსებულ პროგნოზებთან შედარებით. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა 2017 წელს უფრო მაღალი იყო და გაიზარდა 2018 წლის პროგნოზიც, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი - ეს მაჩვენებელი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული. ჯამში, სავალუტო ფონდთან პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.“ აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.


კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა რეზერვების ზრდის, ბაზელ III  მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების აუცილებლობის შესახებ.


„ეს ყველაფერი აძლიერებს საბანკო სექტორის უნარს, უკეთ გაუმკლავდეს შოკებს და გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობა. სსფ ასევე მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებისა და ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიმართულებით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


სხვა სიახლეები