• Ƀ/$

კვირის ეკონომიკური კალენდარი და ბაზრების მოლოდინები

16 აპრილი 17:44 | ეკონომიკა

უცხოური კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზრის უფრო მეტად გახსნის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის დაპირებით გამოწვეული სიმშვიდე ფინანსური, სასაქონლო და საფონდო ბაზრებზე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ დაარღვია.

ამჯერად ბაზრებზე ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი სირიაში განვითარებული მოვლენები ურევს.


სირიაზე აშშ-ის, ბრიტანთის და საფრანგეთის ძალების მიერ განხორციელებული შეტევა ყველაზე მასშტაბური უცხოური შეიარაღებული ინტერვენციაა ამ ქვეყანაში 2011 წელს დაწყებული ომის განმავლობაში. მთავარი კი ისაა, რომ ეს ოპერაცია ნაწილობრივ რუსეთზე დარტყმაც იყო, რომელიც არამხოლოდ შეიარაღებით, არამედ ცოცხალი ძალითაც ეხმარება სირიის პრეზიდნტ ბაშარ ასადს. ამის გამო, საფუძვლიანად გაიზარდა ლოკალური კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის საშიშროება. ბაზრები კი ამ ყველაფერზე ყველაზე სწრაფად და მკვეთრად რეაგირებს.


ერთი ფაქტორიც გასათვალისწინებელია - რუსეთის ელჩმა აშშ-ში განაცხადა, რომ სირიის დაბომბვას „შედეგები მოჰყვება“. რუსებს სჩვევიათ დასავლეთისთვის პასუხის „დამაშნიე ზაგატოვკით“ გაცემა, თუმცა სანამ ისინი იმოქმედებენ, ამერიკა სირიის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უმზადებს, რომელთა შესახებაც მალე შევიტყობთ. რა თქმა უნდა, ბაზარი დაძაბულობის ზრდას იმით პასუხობს, რომ ინვესტორები თავიანთ სახსრებს ურისკო აქტივებისკენ მიმართავენ, როგორებიცაა ოქრო, იაპონური იენი, სახაზინო ობლიგაციები და სხვა.


ამ კვირაში კომპანიები პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებას იწყებენ, რაც საფონდო ბაზრებს გამოაცოცხლებს. პირველი კვარტლის მონაცემებს გამოაქვეყნებენ: „ბენკ ოფ ამერიკა“ (დღეს), „გოლდმენ საქსი“, „აიბიემი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ (სამშაბათს), „მორგან სტენლი“ და „ამერიკენ ექსპრესი“ (ოთხშაბათს), „ფილიპ მორისი“ და „ბლექსტოუნი“ (ხუთშაბათს) და „ჯენერალ ელექტრიკი“ და „პროქტერ ენდ გემბლი“ (პარასკევს).


თავიანთი პირველი კვარტლის მონაცემები პარასკევს გამოაქვეყნეს ბანკებმა - „JP მორგან ჩეიზმა“, „სიტიგრუპმა“ და „ველს ფარგომ“, რომლესმაც პროგნოზზე უკეთესი შემოსავლები აქვთ. თუმცა ეს მათი აქციების ზრდაში არ ასახულა, რადგან ინვესტორებს მათი კარგი შედეგები თავიანთ აქტივობებში და ფასებში უკვე გათვალისწინებული აქვთ.


დღეს შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი საცალო გაყიდვების სტატისტიკას გამოაქვეყნებს, რასაც ინფლაციაზე დიდი გავლენა აქვს. ამ კვირაშივე გამოქვეყნდება დაწყებული მშენებლობების, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების, სამრეწველო წარმოების სტატისტიკური მონცემები. ფედრეზერვი კი ეგრეთ წოდებული „ჩალისფერი წიგნის“ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს, სადაც ეკონომიკის მდგომარეობა დაწვრილებითაა აღწერილი.


სამშაბათს თავისი მშპ-ის პირველი კვარტლის მონაცემებს ჩინეთი გამოაქვეყნებს. პროგნოზების შესაბამისად, მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა 6.8%–ით უნდა იყოს გაზრდილი. მშპ-სთან ერთად, ასევე ქვეყნის სამრეწველო წარმოების და საცალო გაყიდვების სტატისტიკური მონაცემებიც გამოქვეყნდება.


სავაჭრო სტატისტიკა აჩვენებს, რომ მარტში ჩინეთის ექსპორტი შემცირდა, რამაც სავაჭრო დეფიციტი გამოიწვია. ეს კი ბოლო წლებში ძალიან იშვიათი შემთხვევაა. თუმცა ანალიტიკოსები ამას სეზონურ ფაქტორებს მიაწერენ და თვლიან, რომ საქმე ახალი ტრენდის ჩამოყალიბებასთან არ გვაქვს.


სხვა სიახლეები