• Ƀ/$

კულინარიის აკადემიაში ქართული ღორის ხორცპროდუქტებისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო

17 მაისი 16:28 | მთავარი

„საპარტნიორო ფონდის,“ მხარდაჭერით „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის“ ფარგლებში, უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორის ხორცპროდუქტებისგან დამზადებული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო. 

პროექტში ასევე მონაწილეობდნენ ქართულ-ესპანური კომპანია  „Native Georgian” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ღონისძიება აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა.


უნიკალური ჯიშის ქართული ღორისგან დამზადებული კერძები დარგის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, კულინარებმა, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს.


„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და  სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში მოძიებული 25 ერთეული უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით სტერილურ პირობებში 500-მდე ღორი მოაშენეს. ესპანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ესპანური „იბერიკოს“ ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმს წარმოადგენს.


„საპარტნიორო ფონდისა“ და „Native Georgian”-ის ერთობლივი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 750.000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარია.  პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. მეხუთე ეტაპი კი ქართული ხამონისა რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს.


ესპანური კომპანია „Deraza Iberico S.L.“ პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდავო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.“ თითოეული ღორისგან, დაახლოებით, 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვებმა 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 85 მილიონ ევროს გადააჭარბა.


სხვა სიახლეები