• Ƀ/$

იტალიის პოლიტიკური რისკები ევროს ასუსტებს

17 მაისი 16:35 | ანალიტიკა

ევროს კურსი ბოლო ხუთი თვის მინიმუმის სიახლოვეს დრეიფობს, რასაც ორი ძირითადი გარემოება განაპირობებს: ჯერ ერთი, ინვესტორებს აფრთხობს ის ფაქტი, რომ იტალიის მთავრობას ორი პოპულისტური პოლიტიკური პარტია აყალიბებს.

მეორეც, კვლავ იზრდება აშშ-ის სახაზინო ვალდებულებათა მომგებიანობა, რაც ევროსთან წყვილში დოლარის გამყარებას უზრუნველყოფს.


ევროს კურსმა ყველაზე დაბალ ნიშნულს ოთხშაბათს მიაღწია, როცა 1 ევროს ფასი 1.1763 დოლარამდე შემცირდა და ეს მიმდინარე წლის უდაბლესი ნიშნულია. ამის შემდგ, დღეს წყვილზე კორექციული მოძრაობაა. ფასი მცირე ხნით ასცდა 1.18 ნიშნულს, თუმცა მალევე მის ქვემოთ ჩამოვიდა.


ევროს კურსმა კლება აპრილში დაიწყო, როცა 1 ევროს ფასი 1.24 დოლარის სიახლოვეს ავიდა. ამას ის გარემოება განაპირობებს, რომ აშშ-ში ინფლაციის დონე მიზნობრივ 2-პროცენტიან ზღვარს მიუახლოვდა, რაც დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის აუცილებლობას ქმნის, რათა ინფლაცია მეტისმეტად მაღლა არ „გაიქცეს“. ეს დოლარზე მოთხოვნას ზრდის და ის ყველა მეტოქეს „ჩაგრავს“. პარალელურად, ევროპის ეკონომიკის განვითარება კვლავ შეფერხდა.


დოლარის მკვეთრ აღმავლობას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ ბევრი ინვესტორი ხურავს დოლარზე გახსნილ მოკლე (გაყიდვის) პოზიციებს და თანდათან ამერიკული ვალუტის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. ეს კი ბაზარზე შესაბამის სენტიმენტებს აყალიბებს, რაც საბოლოოდ ტრენდის სახეს ღებულობს. ამ ტრენდს მხოლოდ ის გარემოება აფერხებს, რომ ბაზარი დოლარის აღმავლობისთვის მზად არ იყო.


აშშ-ის სახაზინო 10-წლიან ვალდებულებათა მომგებიანობა 3.12 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. დოლარის ინდექსი კი 93.373 ნიშნულზეა, რაც 2018 წლის პიკის სიახლოვესაა.


რაც შეეხება იტალიის პოლიტიკურ კრიზისს, მთავრობას ორი უკიდურესად მემარჯვენე პარტია - 5-ვარსკვლავიანი მოძრაობა და ანტი-იმიგრანტული ლიგა აყალიბებს, რომლებიც არჩევნებისას მოწინააღმდეგეები იყვნენ. დიდი ალბათობით, მათი კოალიციური მთავრობა, ევროპის ცენტრალურ ბანკს იტალიის 250-მილიარდ ევროიანი ვალის ჩამოწერას მოსთხოვს.


„დაივა სეკურიტის“ ტოკიოს ოფისის სტრატეგისტი იუკიო იშიზუკი ამბობს, რომ ევროს წინ კიდვ უფრო რთული დრო ელის, რადგან ჯერაც ბევრ ინვესტორს აქვს მასზე გრძელი (ყიდვის) პოზიცია გახსნილი, რომლებსაც მალე დახურვა ელის. ეს კი ევროს პოზიციებს ძლიერ შეარყევს.


მსგავს თემაზე:


დოლარის კურსი ექვსი თვის მაქსიმუმს მიუახლოვდა


დოლარი ისევ ბოლო ოთხი თვის მაქსიმუმთანააა


სხვა სიახლეები