• Ƀ/$

ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე მინიმალური სარეზერვო განაკვეთი 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა

13 ივნისი 18:01 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 2018 წლის 13 ივნისს გაიმართა. კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდება. მაისში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში,  ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს. ერთობლივი მოთხოვნა უახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება პოტენციურ დონეს და, ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე კვლავ შემცირების მიმართულებით მოქმედებს. ბოლო პერიოდში რეგიონის ფინანსურ ბაზრებზე მაღალია მერყეობა, რომლის ფონზე გაზრდილია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივ შერბილებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.


ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 7-დან 5 პროცენტამდე შემცირება.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 25 ივლისს გაიმართება.


 


მსგავს თემაზე:


სესხების, დეპოზიტებისა და საბანკო აქტივების მოცულობა 1 წლის განმავლობაში 17.5-22.7 პროცენტით გაიზარდა


ტურისტების რაოდენობა 16.1%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები