• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი სოციალური ფონის გაუმჯობესებას შემოსავლების თანაბარ განაწილებაში ხედავს

12 ივლისი 11:26 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარი განაწილება  საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის ერთადერთი მიდგომაა.

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


გიორგი ქობულია მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად საზოგადოებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარუდგინა.


გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რეგიონების განვითარებას.


„ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ამიტომ  ვგეგმავთ სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე სერიოზულ ღონისძიებებს ვგეგმავთ საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.


ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას, რისთვისაც ასევე იგეგმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.


„რა თქმა უნდა, პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან და ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს სერიოზულ ინვესტირებას განათლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. ყველა ამ გეგმასთან ერთად ასევე აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ შევქმნით ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ რასაც ჩვენ დავგეგმავთ, იყოს შესრულებული“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


მინისტრობის კანდიდატმა მედიასთან თავის შრომით გამოცდილებაზეც ისაუბრა.


„ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი საერთაშორისო, ერთ-ერთ მოწინავე საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს. პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს ლიდერ საერთაშორისო კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს,  ასევე სტრატეგიებს, საოპერაციო და ძალიან დეტალური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. ვთვლი, რომ გამოცდილება, რომელიც შევიძინე 18 წლის განმავლობაში, შეიძლება გამოადგეს დღეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ჩვენს  ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის წარდგენისას მამუკა ბახტაძემ  აღნიშნა, რომ კომპანია McKinsey-სთან,  სადაც ბოლო 18 წლის განმავლობაში გიორგი ქობულია მუშაობდა, ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. „გიორგი ქობულიას აქვს დიდი გამოცდილება ბევრ სექტორში, მათ შორის არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, ასევე კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც დავაანონსეთ  და შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.


პრემიერმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა


მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრით არის დაკომპლექტებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხუთშაბათს, 12 ივლისს დილით დაასახელა.


მთავრობაში სამი ახალი მინისტრია:


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი გახდა;


ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანს ერგო;


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გახდა;


მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა კახიშვილი იქნება.


სხვა უწყებების ხელმძვანელები კი თანამდებობას შეინარჩუნებენ, კერძოდ:


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;


საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;


შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;


იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;


თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.


მსგავს თემაზე:


პრემიერ–მინისტრმა საქართველოს მთავრობა დააკომპლექტა


სხვა სიახლეები