• Ƀ/$

თურქული ლირისა და რუსული რუბლის კრახის შესაძლო გავლენები საქართველოზე

10 აგვისტო 11:30 | ანალიტიკა

თურქული ლირა ბოლო 24 საათში დამატებით 10.5%-ით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 5.92-იან ნიშნულსაც გადააჭარბა. 1-ელ იანვართან შედარებით დოლარი 56%-ითაა გაძვირებული.

ლირა დაეცა სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც. თუ ჯერ კიდევ 9 აგვისტოს ლარი 2.17 ლირა ღირდა, 10 აგვისტოს ფასი 2.46-მდე გაიზარდა. საპირისპიროდ თუ კირა 46 თეთრი ღირდა ახლა 41 თეთრი ღირს.


თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს თურქეთში ექსპორტის მოცულობამ $217 მლნ, იმპორტმა კი $1.375 მლრდ შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის პირველ 6 თვეს ექსპორტმა $155 მლნ-ს, იმპორტმა კი $703 მლნ-ს მიაღწია. ლირის გაიაფებით გაიაფდა თურქული პროდუქცია, შესაბამისად არსებობს მოლოდინი რომ თურქეთიდან იმპორტი გაიზრდება, ექსპორტი კი შემცირდება.



თურქული ლირის ასეთი მკვეთრი გაუფასურების უმთავრესი მიზეზი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭებაა, ფარული დაპირისპირება აშკარა 2016 წლის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ გახდა. ერდოღანი აშშ-ისგან გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გიულენის ექსტრადაციას დაჟინებით მოითხოვს, რასაც ვაშინგტონი არ თანხმდება, უთანხმოება გაიზარდა სირიის კონფლიქტთან მიმართებაშიც, ანკარა ტრამპს ქურთების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამერიკის გაღიზიანება გამოიწვია რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულებამაც რომლის ძალითაც თურქეთს დაჩქარებული წესით S400-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემები გადაეცემა, რის გამოც შეიძლება თურქეთმა მეხუთე თაობის ბომბდამშენები - F35-ები ვეღარ მიიღოს.


თურქეთის პრეზიენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქალაქ რიზეში მოსახლეობასთან დღევანდელ შეხვედრაზე უპერსპექტივო უწოდა თურქეთზე სხვა ქვეყნების ზეწოლას, მათ შორის ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციის გზით. „მათ აქვთ დოლარი, ჩვენ – ალაჰი“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. მან ასევე უპერსპექტივო უწოდა თურქეთზე ეკონომიკური ზეწოლის მცდელობებს.



თურქული ლირის გარდა, ახალი ამერიკული სანქციების გამო, რომელიც 22 აგვისტოს შედის ძალაში, შედარებით ნაკლები ტემპით, მაგრამ მაინც გაუფასურდა რუსული რუბლიც. 1 კვირაში კურსი 5.8%-ით 63.3-დან 67-მდე დაეცა, 1 იანვრიდან მოყოლებული კი 16.5%-ით. ი იანვარს 1 დოლარი 57.5 რუბლი ღირდა.


საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი რუსეთში ხორციელდება 2017 წელს $394 მლნ-იანმა ექსპორტმა საერთო ექსპორტის 14.4% შეადგინა. იმავე წელს რუსეთიდან $789 მლნ-ს იმპორტი განხორციელდა, საერთო იმპორტის 9.9%. 2018 წლის პირველ 6 თვეში ექსპორტმა $204 მლნ-ს მიაღწია და მისი წილი ჯამურ ექსპორტში 12.8%-მდე შემცირდა, იმპორტმა კი $446 მლნ-ით 10.1%-იანი წილი დაიკავა.



2018 წლის პირველ 7 თვეში სულ 45.4 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც რუსეთის წილად თითქმის 2/3 28.56 მილიონი ბოთლი მოდის.


რაც შეეხება ფულად გზავნილებს, მართალია რუსეთის წილი 50%-იან ზღვარს დიდი ხნის წინ ჩამოსცდა, მაგრამ კვლავ პირველ ადგილს იკავებს. 2018 წლის ივნისში საქართველოში სულ $135 მლნ გადმოირიცხა, მათ შორის რუსეთიდან $39.2 მლნ, ანუ 29%.


ორ მეზობელ და მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური რყევები გარკვეულ გავლენას საქართველოზეც იქონიებს. ჯერ კიდევ ასეთი ვარდნის დაწყებამდე ივნისში მშპ გასული წლის ანოლოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ზრდა მაისში თითქმის 2-ჯერ მეტი 7.5% იყო. 2014-2016 წლებში საქართველოში მშპ-ს ზრდის ტემპის საგრნობი შემცირება დიდწილად სწორედ საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული.


 


მსგავს თემაზე:


ამერიკული სანქციების ფონზე რუსული კომპანიები ფასს კარგავენ


სხვა სიახლეები