• Ƀ/$

მამუკა ბახტაძემ ლონდონის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღე გახსნა

12 ოქტომბერი 14:38 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ლონდონის საფონდო ბირჟაზე 12 ოქტომბერი საქართველოს დაეთმო, - სავაჭრო დღე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. მთავრობის მეთაურს ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ უმასპინძლა. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავმოყრილნი არიან მსხვილი ინვესტორები მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.


“ეს იყო ძალიან კარგი საშუალება ჩვენთვის, ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და იმ ამბიციური გეგმების შესახებ, რომლებიც გვაქვს, რათა საქართველო რეგიონულ ცენტრად ვაქციოთ. ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უახლოეს წლებში მეტი ქართული კომპანია ვიხილოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვახდინოთ საქართველოს უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და, აქედან გამომდინარე, ასეთ პლატფორმებსა და მსგავს საფონდო ბირჟებზე ჩვენი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ქართულ კომპანიებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა.


“პატივი გვქონდა, გვემასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისთვის, რომელმაც დილით ვაჭრობა გახსნა. დღე მწვანე ნიშნულით დაიწყო, რაც აქციების ფასის მატებაზე მეტყველებს. განსაკუთრებით გვახარებს საქართველოს მთავრობის მეთაურის სტუმრობა. ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაკავშირებს. მაგალითისათვის, სს "საქართველოს ბანკის" აქციები ჩვენი ბაზრის პრემიალურ სეგმენტშია. ძალიან კარგ და წარმატებულ სურათს ქმნის მისი ფასების დინამიკა. ჩვენთან ხდება პატარა ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობაც. მიმაჩნია, რომ ამ პარტნიორობით დავამტკიცეთ, რომ ლონდონში კონცენტრირებული გლობალური ბაზრები დაინტერესებულნი არიან და ახარებთ ის შესაძლებლობები, რაც საქართველოში არსებობს და მისი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს უკავშირდება. ეს არის 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის, დაბალი საგადასახადო განაკვეთების, ვალის დაბალი მაჩვენებლის, მაღალი პროფესიული ნიშნის მქონე მოსახლეობის და განახლებადი ენერგიის ძლიერი სეგმენტის მქონე ქვეყანა! აღფრთოვანებული ვართ საქართველოს მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან მუშაობით”,- განაცხადა ნიხილ რათჰიმ.


ლონდონის საფონდო ბირჟაზე  კონფერენცია “საქართველო - ინვესტორთა დღე” იმართება. კომპანია Galt&Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 130 მსხვილი საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. საქართველოს მაკროეკონომიკის შესახებ პრეზენტაცია გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.


ლონდონის ბირჟაზე ამჟამად TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის აქციები ივაჭრება, რომელიც BGEO ჯგუფში სადაზღვეო კომპანია ალდაგთან, სამშენებლო კომპანია m2-თან, სამედიცინო კომპანია ევექსთან და GWP-სთან ერთადაა წარმოდგენილი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოდან "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაც" არის დაშვებული, თუმცა ბოლო პერიოდში მათი აქციებით ვაჭრობა აღარ მომხდარა.


მსგავს თემაზე:

საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდება


იაპონიაში ონლაინბირჟიდან $60 მლნ-ის კრიპტოვალუტა მოიპარეს


მსოფლიო ბირჟები გაწითლდა



სხვა სიახლეები