კანონი დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, ბევრი ორგანიზაცია დაიხურება, რაც საზიანო იქნება საქართველოსთვის - ამერიკის სავაჭრო პალატა

აშშ

„უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, გთხოვთ, გაიხმოთ იგი დაჩქარებულ ვადებში“, - მიმართავს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. 

გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგმართავთ ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობის სახელით, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ საერთაშორისო ბიზნესასოციაციას საქართველოში და აერთიანებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბიზნესებს. წერილი შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ამჟამად განიხილება.

2023 წლის მარტში ჩვენ მოგმართეთ ამავე კანონპროექტის წინა ვერსიის თაობაზე და კმაყოფილები დავრჩით, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაეხმო კანონპროექტი. შესაბამისად, გაოცებულები და იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ არსებითად იგივე კანონი იქნა წარმოდგენილი.

როგორც ჩვენს წინა წერილშიც მოგახსენეთ, შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ აღნიშნული კანონი დააზარალებს უცხოური დახმარებით განხორციელებულ პროგრამებს და ამ პროგრამებში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დააბრკოლებს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს.

საქართველო დიდი ხანია ამაყობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით და აქტიური ორგანიზაციებით, რაც ცალსახად კარგია დემოკრატიისთვის. ამავდროულად, პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ეკონომიკურად, განათლების, ჯანდაცვის, საჯარო მმართველობისა და სხვა მხრივ. ეს პროექტები ემსახურება საქართველოს განვითარების საჭიროებებს და დაფინანსებულია საქართველოს მოკავშირეების მიერ. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება აკნინებს ამ პროექტების სანდოობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება. ეს კი ცალსახად საზიანო იქნება საქართველოსთვის.

კანონი მნიშვნელოვნად გაართულებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. გასულ წელს ყველა ვამაყობდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით. ახლა ჩვენი საერთო მიზანი ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს. ეს არა მხოლოდ გაზრდის კეთილდღეობას, დემოკრატიასა და უსაფრთხოებას ქვეყანაში, არამედ დაუმკვიდრებს საქართველოს თავის კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში. მაგრამ როგორც ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ბრძანებს, აღნიშნული კანონი „შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ევროპულ ღირებულებებთან“.

ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ კანონი გამოიწვევს უცხოელების სტიგმატიზაციას და, შედეგად, ზიანი მიადგება საქართველოს შესაძლებლობას, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება, რომელიც მას მოჰყვება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. აღნიშნული კანონი ყოველივე ამას რისკის ქვეშ აყენებს.

ეს კანონპროექტი წარმოდგენილ იქნა, როგორც გამჭვირვალობის ზრდის მექანიზმი. თუ ესაა მიზანი, ბუნდოვანია, რატომ არის სამიზნე კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. გარდა ამისა, უცხოური დახმარების „უცხო გავლენად“ გამოცხადებას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. თუ მართლაც გამჭვირვალობაა ზრუნვის საგანი, უფრო შესაფერი ზომა შეიძლება ყოფილიყო ცვლილების შეტანა მართვისა და ფინანსური ანგარიშგების არსებულ წესებში. კანონი ასევე არ არის თავსებადი გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებთან.

თანამედროვე დემოკრატიებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, უცხოელ ლობისტებს ხშირად მოეთხოვებათ რეგისტრაცია, მაგრამ ამ კანონების სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონები არ ეხება ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ამერიკის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) შეეხება ლობისტებს, საზოგადოებრივი ურთიერთობებით დაკავებულ კომპანიებს და იურიდიულ ფირმებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოური ძალის მიერ მათივე ინტერესების წარმოსადგენად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ამ კანონის მოთხოვნით რეგისტრირებული ორგანიზაციების მცირე პროცენტს წარმოადგენს. მაგალითისთვის, ამერიკაში, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და ბავშვების დახმარებას ან ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება, არ საჭიროებს რეგისტრაციას.

უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საერთაშორისო, დემოკრატიულ, საუკეთესო პრაქტიკას, გთხოვთ, გაიხმოთ იგი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში,“- ნათქვამია ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადებაში.