1792822020
„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში რუსთაველის გამზირის ახალი სამოძრაო სქემის შესახებ საუბრისას განაცხადა.შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.როგორც გავრცელებული რენდერებით ხდება ცნობილი, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა ბასლეინი, ველობილიკი. ასევე ფოტოებიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას. იგეგმება რამდენიმე ზებრა გადასავლელის მოწყობაც."როგორც იცით რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება საგზაო მოძრაობა. მთავარი ცვლილება რაც ხდება იქნება ის რომ, თუ ახლა სატრანზიტო მოძრაობაა გამზირზე, რეაბილიტაციის შემდეგ ეს აღარ იქნება საჭირო.ვგულისხმობ შემდეგს: დღეს თავისუფლების მოედნიდან თუ მოძრაობს ავტომობილი, აუცილებლად უნდა დატრიალდეს ზეთისხილის ხესთან, რათა მოხვდეს ჭავჭავაძის ქუჩაზე ან ლესია უკრაინკას ქუჩაზე.თუმცა, ახალი სქემით, როდესაც უკვე რეაბილიტაცია დასრულდება, ყველა მკვეთრ ქუჩასთან მოეწყობა შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი, სადაც მარცხნივ ახვევით ან ჩახვევით შესაძლებელი იქნება მოძრაობის გაგრძელება, როგორც მთაწმინდის ზემო ქუჩებზე, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.სამანქანო ნაკადის დაახლოებით 30% სწორედ იმიტომ გადიოდა რუსთაველის გამზირს, რომ ზეთისხილის ხესთან დატრიალებულიყო, შესაბამისად ეს 30% მოაკლდება რუსთაველის გამზირის ნაკადს," - აღნიშნა ბაგაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
1793088480
როდის ირღვევა დეკრეტული და ზეგანაკვეთური უფლებები, რა რისკებს მალავს ქონების გადაფორმება და ძიძის ფარული კონტროლი, რას ამბობს კანონი მაშინ, როცა მოქალაქეს ქვეყანაში უკანონოდ აბრუნებენ? - ამ და სხვა სოციალურ-სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს “კვირის პალიტრასთან” პასუხობს.- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამატებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. 'საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.გააგრძელეთ კითხვა
1793003699
ბოლო 8 თვეში, საერთაშორისო ბირჟებზე, თითქმის, 80%-ით გაძვირებულმა ნავთობმა გამოწვევები ავტოსკოლებისთვისაც შექმნა.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Buki Driving School-ის დამფუძნებელმა, სალომე ბუკიამ განუცხადა, ნავთობის გლობალურმა ფასებმა საწვავი მნიშვნელოვნად გააძვირა საქართველოშიც, რამაც ავტოსკოლები იძულებულები გახადა, სერვისზე ფასები გაეზარდათ.„ბოლო 1 თვეში, მოგვიწია პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 20%-ის ფარგლებში დაგვეკორექტირებინა. საწვავის ფასის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს მანქანის ცვეთის საკითხიც. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ქალაქში, დღის ნებისმიერი მონაკვეთში მძიმე საცობებია, ამის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა ავტომატურად იზრდება, შედეგად კი - იმატებს მანქანის ცვეთის კოეფიციენტიც. აქედან გამომდინარე, ტარიფების გადახედვისას, ეს საკითხიც გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა სალომე ბუკიამ.აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტოსკოლების მომსახურებაზე ფასების მატება, დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო. კერძოდ, როგორც თავად ავტოსკოლების წარმომადგენლები განმარტავენ, ინფლაციური პროცესების გამო, მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება, ბოლო წლებში, ჯამში, 30-40%-ით არის გაზრდილი. პირობითად, თუ გასულ წლებში, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 30 ლარის ფარგლებში იყო, ახლა უკვე 50-60 ლარს აღწევს. მომატებულია თეორიული გაკვეთილების ღირებულებაც.მიუხედავად, სწავლაზე ტარიფების ზრდისა, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში სტაბილურად მზარდია. 2026 წლის მხოლოდ 9 თვეში, ქვეყანაში სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლება 36 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა - მაშინ, როდესაც გასული 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში ჯამში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.bp.ge
1792735346
„მოლოდინი არის, რომ დამსვენებლებს ბაკურიანში გადათხრილი ქუჩები აღარ დახვდებათ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ეკა ორჯონიკიძემ განაცხადა.მისივე თქმით, კურორტზე გზების მოწესრიგების ძირითადი სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.„პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბაკურიანისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურაა, რომლის სამუშაოებიც ამჟამად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნოემბრის ბოლომდე ეს საკითხი მოწესრიგდება.წინა წლებში გზები გადათხრილი იყო, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამჟამად სამუშაოების ნახევარი დასრულებულია. ვფიქრობთ, უამინდობა არ შეგვიშლის ხელს და ნოემბრის ბოლომდე ყველაფრის დასრულება მოესწრება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.სრული და საფუძვლიანი რეაბილიტაცია უკვე 2027 წლიდან დაიწყება, რაც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/გაუმჯობესებას ყველა ჩიხსა და ცენტრალურ ქუჩაზე, თავისი საფეხმავლო ბილიკებითა და სანიაღვრე სისტემებით.ახლა, როგორც მოგეხსენებათ, წყლისა და წყალარინების ძალიან მასშტაბური, რამდენიმეწლიანი პროექტი მიმდინარეობს, რის გამოც ყველა ქუჩა და ჩიხი გადათხრილი იყო. ამ ეტაპისთვის სწორედ ამ გზების შეკეთება მიმდინარეობს.ზოგი ჩიხი მთლიანად მოწესრიგდება და სრული რეაბილიტაციაც ჩაუტარდება. მაგალითად, 2-3 წელი გაუვალი მდგომარეობა იყო კოხტასკენ მიმავალ გზაზე, სადაც მიტარბის ტრასაა. ის ჩიხი უკვე მოწესრიგებულია და ახლა სანიაღვრეების და განათების ბოძების მონტაჟი მიდის.ნაწილობრივ უკვე მოწესრიგებულია ასევე, სადგურისკენ მიმავალი ქუმარიტაშვილის ქუჩაც და სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.მოლოდინი არის, რომ დამსვენებლებს ბაკურიანში გადათხრილი ქუჩები აღარ დახვდებათ. 2-3 წელი მართლაც საშინელი მდგომარეობა იყო, მანქანა ვერ გაივლიდა. მართალია, დიდი და მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, მაგრამ ადგილობრივებისთვისაც და ვიზიტორებისთვისაც ეს მდგომარეობა ძალიან რთული ასახსნელი იყო.პროექტის დამკვეთი ინფრასტრუქტურის სამინისტრო და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა“. კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების საკითხს სიღრმისეულად ვერ ჩავყვები, მაგრამ ფაქტია, რომ პროექტი ამდენი წელი სწორედ ქვეკონტრაქტორების გამო გაიწელა და ბევრი შეფერხებაც ამის ნიადაგზე შეიქმნა“, - აცხადებს ეკა ორჯონიკიძე „ბიზნესპრესნიუსთან“.
1792565920
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის - საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, გახორცილდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება: შპს TV პროექტი - უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი; შპს ალფა სტუდიო - უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 800 ლარი; შპს ლუმა დეველოპმენტ - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) - 53 624.10 ლარი; შპს ჯი თი ჰოლდინგი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა - 133 230 ლარი; შპს ვი თი სერვისი - რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი; ი/მ გიორგი კვიჟინაძე - სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით - 2 850 ლარი; შპს თელედა - დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა - 10 150 ლარი; შპს დისქოვერი - სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) - 29 400 ლარი; შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი; შპს ფლორერია - სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 26 550 ლარი; შპს ჯეოვოისი - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) - 215 600 ლარი; შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) - დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) - 93 886,70 ლარი; ი/მ ცირა ჭყონია - ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 16 200 ლარი; შპს ვი თი სერვისი - 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) - 6 000 ლარი; ი/მ თამამ იუსუფ ყიზი - წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი - 300 ლარი; შპს ჯიჯიეს პრინტი - საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება - 11 362.50 ლარი; შპს სეთ აფ ივენთსი - ჯებირებით, კაბელ - კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი; ი/მ ცირა ჭყონია - ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი; შპს ფავორიტი სტილი - 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის - 8 050 ლარი; შპს ჯენი 1994 - უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება - 8 600 ლარი; შპს ტგ-ტვ - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება - 1 500 ლარი; შპს ფიური ფილმვორქს - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 4 531.20 ლარი; ი/მ გიორგი კობახია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება - 2 000 ლარი; ი/მ ლევან აბულაძე - დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება - 700 ლარი; ი/მ ილია კიკაბიძე - პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) - 1 000 ლარი; ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 638 ლარი. ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი - სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
1792565493
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, 45 000 აღსაზრდელისთვის, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს 649 350 ლარად შეისყიდის. ნაკრებების დამზადებას წელს „კარფური“ უზრუნველყოფს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.როგორც სატენდერო დოკუმენტიდან ირკვევა, შესყიდვა განხორციელდება შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიასთან“, რომელიც საქართველოში ფლობს და მართავს საცალო ვაჭრობის ქსელ „კარფურს“.„საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები (ტკბილეული) გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის 191 საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული აღსაზრდელისთვის - სულ 45000 ცალი, საახალწლო საჩუქრად, რომელიც აღსაზრდელებს ყოველწლიურად გადაეცემათ საახალწლო ზეიმის დროს. საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების (ტკბილეული) შესყიდვაზე 2026 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2026 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. სწორედ ამიტომ დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.შიდა ბაზარზე შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და 7 ოქტომბერს გამოცხადდა ბაზრის კვლევა. წინადადებების მიღების დასრულების ვადაში დაფიქსირდა ერთი კომპანიის - შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ შემოთავაზება, ღირებულებით 649 350 ლარი.ბაზრის კვლევის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წინადადებების მიღების დასრულების დღესვე, კომპანიას 1 სამუშაო დღის ვადაში მოეთხოვა შესყიდვის ობიექტის ნიმუშების წარმოდგენა, რომელიც მათ მიერ მოწოდებულ იქნა 2026 წლის 13 ოქტომბერს. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნიმუშები განხილულ იქნა 2026 წლის 15 ოქტომბერს და დადასტურდა მათი შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან“,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
1792484940
აშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა - Diversity Visa Program 2027 (DV-2027) - მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს.საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად.რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა ერიდონ აპლიკანტები? პროგრამის მოსალოდნელი ვადების, მიმდინარე სტატუსისა და გავრცელებული შეცდომების შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" კომპანია "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია იაძე ესაუბრა.„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელება არ ნიშნავს, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშება ან რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე ოფიციალურ ვებგვერდზე DV-2027-ის განაცხადების მიღება გახსნილი არ არის. პროგრამის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის პროცესში ცვლილებების შეტანითა და დროებითი პაუზით.თუმცა, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს (U.S. District Court for the Southern District of California) ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა პროგრამის დაუყოვნებლივ განახლება.სასამართლოს მიერ დადგენილი მოსალოდნელი გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დეტალურ ინსტრუქციასა და რეგისტრაციის ზუსტ ვადებს ოფიციალურად 29 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებს. განაცხადების მიღების პორტალი სავარაუდოდ, 1 ნოემბერს გაიხსნება და 30 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს, ხოლო შერჩეული აპლიკანტების გამოვლენის შემდეგ საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი 2027 წლის 30 სექტემბრამდე დასრულდება.როდესაც რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება, განაცხადის შემვსები ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: იგი დაბადებული უნდა იყოს პროგრამაში დაშვებულ ქვეყანაში (საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას) და ფლობდეს საშუალო სკოლის 12-წლიან ატესტატს, ან ბოლო 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ისეთ პროფესიაში, რომელიც მოითხოვს მინიმუმ ორწლიან სპეციალურ მომზადებას", - აცხადებს ია იაძე.მისივე თქმით, ტრადიციულად, აპლიკანტებს მოუწევთ სხვადასხვა სტანდარტის დაცვა."რეგისტრაციის გახსნის შემდეგ, განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე - dvprogram.state.gov.მონაწილეობის რეგისტრაცია სრულიად უფასოა. აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფოტოსურათის სტანდარტსაც - ფოტო უნდა იყოს გადაღებული ბოლო 6 თვის განავლობაში, თეთრ ფონზე, სათვალის გარეშე, 600x600 პიქსელის ზომით JPEG ფორმატში.გარდა ამისა, განაცხადში აუცილებელია მეუღლისა და ყველა დაუქორწინებელი, 21 წლამდე ასაკის შვილის მითითება, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა ისინი ამერიკაში გამგზავრებას“, - განმარტავს ია იაძე.მისივე თქმით, ყოველწლიურად მილიონობით განაცხადი უარყოფილია ტექნიკური დარღვევების გამო, რასაც აპლიკანტები განსაკუთრებით უნდა ერიდონ.„კრიტიკული შეცდომაა ერთი და იმავე პირის სახელით ერთზე მეტი განაცხადის გაგზავნა, რაც იწვევს ავტომატურ დისკვალიფიკაციას. თუმცა, დაქორწინებულ წყვილებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეავსონ განაცხადი და ერთმანეთი მიუთითონ, რაც მოგების შანსს ორმაგად ზრდის.ასევე, დისკვალიფიკაციით სრულდება წინა წლებში გამოყენებული ან დაუმუშავებელი, არასტანდარტული ფოტოს გამოყენება, ხოლო შვილის ან მეუღლის არმითითება იწვევს ვიზის უარს გასაუბრების ეტაპზეც კი.ასევე, არ უნდა დაკარგოთ რეგისტრაციის დასრულებისას გენერირებული დამადასტურებელი კოდი (Confirmation Number), რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა პასუხის შესამოწმებლად“, - აღნიშნავს "იორ ფოინთის" სავიზო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ვიდრე ოფიციალური რეგისტრაცია გახსნილა, ია იაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ინტერნეტში უკვე გამოჩნდა თაღლითური საიტები, რომლებიც მომხმარებლებს განაცხადის "ახლავე შევსებას" სთავაზობენ.„აშშ-ის საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ოფიციალური გათამაშება და განაცხადების მიღება ჯერ არ დაწყებულა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა არასდროს აგზავნის ელფოსტას მოგების შესახებ და არცერთ კერძო სააგენტოს არ შეუძლია მოგების შანსების გაზრდა, ვინაიდან შერჩევა ხდება სრულიად შემთხვევითი კომპიუტერული ალგორითმით“, - აცხადებს ია იაძე.
1792388503
უორენ ბაფეტი ამერიკელი ბიზნესმაგნატი, ინვესტორი და ფილანთროპია, რომელიც Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება.ამ მომენტისთვის მისი ქონება 151.2 მლრდ დოლარს შეადგენს, რითაც ის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სიაშია.გთავაზობთ უორენ ბაფეტის ხუთ საყვარელ წიგნს: „გავლენა“ ავტორი: რობერტ ბ. ჩალდინიეს არის კლასიკური წიგნი გავლენისა და დარწმუნების შესახებ, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო ბესტსელერია.მისი გაყიდვები ოთხ მილიონზე მეტ ეგზემპლარს აჭარბებს! „ფეხსაცმლის ძაღლი“ ავტორი: ფილ ნაითისამ გულწრფელ და მომხიბვლელ მემუარებში მოთხრობილია Nike-ის ისტორია. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფილ ნაიტი გვიზიარებს კომპანიის, როგორც თამამი სტარტაპის, ადრეული დღეებისა და მისი ევოლუციის ისტორიას. როგორ იქცა იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, თამაშის წესების შემცვლელ და მომგებიან ბრენდად. „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“ ავტორი: დეილ კარნეგისშეგიძლიათ სასურველი სამსახურის ძიებაში იყოთ... და მიიღოთ ის! შეგიძლიათ აიღოთ არსებული სამსახური... და გააუმჯობესოთ ის! შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც ხართ... და ის სათქვენოდ გამოიყენოთ! - ეს არის წიგნის მთავარი მორალი და ის ბიზნესმაგნატის ერთ-ერთი ფავორიტია. „საწყალი ჩარლის ალმანახი“ ავტორი: ჩარლი მანგერი„საწყალი ჩარლის ალმანახი“ ჩარლი მანგერის გამოსვლებისა და საუბრების კრებულია, რომელიც პიტერ დ. კაუფმანმა შეადგინა. „ინტელექტუალური ინვესტორი“ ავტორი: ბენჯამინ გრეჰემიმეოცე საუკუნის უდიდესი საინვესტიციო მრჩეველი, ბენჯამინ გრეჰემი, მთელ მსოფლიოში ასწავლიდა და შთააგონებდა ადამიანებს. გრეჰემის ეს წიგნი არის ფილოსოფია, რომელიც იცავს ინვესტორებს მნიშვნელოვანი შეცდომებისგან და მათ გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებას ასწავლის.1949 წელს მისი თავდაპირველი გამოცემის დღიდან, „ინტელექტუალური ინვესტორი“ საფონდო ბირჟის ბიბლიად იქცა.
1792323041
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა.დეკლარაციის მიხედვით, მიქაბაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი დუშეთში, ავტოფარეხი დედაქალაქში და მსუბუქი ავტომობილი Chevrolet Cruze.კერძოდ, ეკატერინე მიქაბაძემ 2021 წელს თბილისში 82.2 კვადრატული მეტრის ბინა 209 085 ლარად შეიძინა. 2026 წელს კი დუშეთში 450 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 66 728 ლარად იყიდა. მის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე ავტოფარეხი, რომელიც 2022 წელს 24 417 ლარად აქვს შეძენილი.რაც შეეხება ავტომობილს, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ Chevrolet Cruze-ში 2022 წელს 23 175 ლარი გადაიხადა.დეკლარაციის შევსების მომენტში ეკატერინე მიქაბაძეს ანაბრებზე 205 000 ლარი, 52 400 აშშ დოლარი და 6 400 ევრო ჰქონდა განთავსებული.ამასთან, მის მულტისავალუტო უნივერსალურ ანგარიშზე 7 785 ლარი, ხოლო სტანდარტულ საბანკო ანგარიშზე 82.77 ლარი ირიცხებოდა.ამასთან, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ გასულ წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ხელფასის სახით (გადასახადების შემდეგ) - 326 688 ლარი მიიღო. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლექტორობისთვის ჯამურად 2 190 ლარი აქვს მიღებული.დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მიქაბაძემ ძმისთვის გაცემული 30 000-ლარიანი სესხი უკან დაიბრუნა. ამასთან, მეგობარს სესხის სახით იგივე ოდენობის თანხა მისცა.როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გასულ წელს ეკატერინე მიქაბაძემ იპოთეკური სესხის დასაფარად 168 219 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დუშეთში მიწის ნაკვეთის შესაძენად გადასახდელი თანხის ნაწილი, 33 454 ლარი დაფარა.დეკლარაციის თანახმად, 2025 წელს მიქაბაძემ მოგზაურობაში 5 290 ლარი დახარჯა, ხოლო მკურნალობის ხარჯმა 13 500 ლარი შეადგინა.ცნობისთვის, ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 2021 წლის ივლისიდან არის, ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებს. 2023-2025 წლებში ის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო.მანამდე, 2018-2021 წლებში, მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილისა და პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. 2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს მას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც ეკავა პოზიციები.გარდა ამისა, 2011 წლიდან დღემდე ის აკადემიურ საქმიანობას ეწევა და ლექტორია ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით.BPN
1792057800
“კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, ასევე, მისი პერსონის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ოქიტაშვილი პროკურატურისა და აუდიტისგან პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს.ოქიტაშვილის თქმით, თინა რუხაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობას უზღუდავდა, ასევე, ის ითხოვს პასუხს, თუ ვინ დაავალა, რომ შეეჩერებინა „ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის⁉“ამასთან, განცხადებაში ოქიტაშვილი ახსენებს მამუკა მდინარაძეს და წერს, რომ თინა რუხაძის სიტყვებით მდინარაძეს „ოქიტაშვილი სძულს“ და არ უნდა გაეკარონ.„დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ახლა დადგა დრო, საჯაროდ ვთქვა ის, რაზეც ბოლო დროს დუმილს ვამჯობინებდი‼ქალბატონო თიკა რუხაძე, დღეს მინდა პირდაპირ და საჯაროდ მოგმართოთ‼თქვენი მინისტრობის პერიოდში საქართველოს კულტურის პალატა და პირადად მე, როგორც მისი ხელმძღვანელი, არაერთი წინააღმდეგობის წინაშე აღმოვჩნდით.მიმაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული მოქმედებები, რომლებიც კულტურის პალატის საქმიანობის შეზღუდვასა და ჩემი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.დღეს კი მინდა რამდენიმე კითხვაზე საჯაროდ მიპასუხოთ.ვისი დავალებით მოქმედებდით ჩემს წინააღმდეგ⁉ვინ დაგავალათ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩემთან ურთიერთობა შეგეზღუდათ⁉ ვინ დაგავალათ, რომ შეგეჩერებინათ ისტორიული პროექტი, ვარსკვლავების გახსნა წარმატებული და ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის⁉რატომ ცდილობდით საქართველოს კულტურის პალატის ფილარმონიაში არსებული ოფისიდან გამოსახლებას და, ფაქტობრივად, ქუჩაში დატოვებას⁉იმ სივრციდან, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვცა და ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ცნობილი ხელოვანები იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ ქართული კულტურის მომავალზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.ცნობისთვის, ამ ოფისში საუბარი მუდმივად კულტურაზე, ხელოვნებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობდა და არა ათიათასდოლარიან ჩანთებზე და ძვირადღირებულ სამოსებზე⁉„ოქიტაშვილი ბიძინას აგენტი და წულუკიანის კუდია‼“ - ქალბატონო თიკა, ეს ხომ თქვენი სიტყვებია⁉ჩემი ინფორმაციით, ამ ფრაზას სხვადასხვა ადამიანებთან საუბრისას თქვენ ხშირად იმეორებდით.დიახ, იგივეს იძახდა თქვენი მფარველიც "მამუც" (მამუკა მდინარაძე) როგორც თქვენ მას მოფერებით ეძახდით.„მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ‼“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია⁉მერწმუნეთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სიტყვების უშუალო მოწმეები არიან.ქალბატონო თიკა, კი ახლა მინისტრი აღარ ხარ‼მაგრამ მიპასუხე, რატომ ცდილობდით ჩემს იზოლაციას კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან⁉რატომ გაღიზიანებდათ ჩემი საქმიანობა და ურთიერთობები⁉რატომ ვიყავი ყველა კულტურულ ღონისძიებებში და შეკრებებზე სიიდან ამოღებული და დაბლოკილი⁉სწორი ნათქვამია "ღორს მარგალიტები არ უნდა დაუყარო"‼დღეს კიდევ უფრო სერიოზულად ვუყურებ იმ კრიტიკას, რომელიც თქვენი მინისტრობის პერიოდში ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა.და ახლა კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი‼საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია.რა თანხები დაიხარჯა⁉ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები⁉როგორ განხორციელდა შესყიდვები და რამდენად მიზნობრივი იყო თითოეული თეთრი?ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები⁉საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, როგორ და რა გადაწყვეტილებების საფუძველზე იხარჯებოდა სახელმწიფო ფული. მოვითხოვ, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ თქვენი შესაძლო მონაწილეობა აღნიშნულ ფინანსურ გადაწყვეტილებებში.ასევე, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ლოპოტაზე გამართულ ძვირად ღირებულ საქორწილო წვეულებას ესწრებოდით. პირადი ცხოვრების განხილვა ჩემი მიზანი არ არის, თუმცა როდესაც საჯარო თანამდებობის ყოფილ პირთან დაკავშირებით ფინანსური გამჭვირვალობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ კითხვები ჩნდება, საზოგადოებას მათზე დასაბუთებული პასუხების მოსმენის უფლება აქვს.ქალბატონო თიკა, დროა, საჯაროდ უპასუხოთ კითხვებს!მე აღარ ვაპირებ დუმილს!ეს არ არის პირადი დაპირისპირების სურვილი. ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხებს საქართველო ელოდება!დიახ ახლა ამ პასუხებს მეც საჯაროდ ვითხოვ! პ.ს - "ღალატი მტრისგან არ მოდის. მტერი გებრძვის, მოღალატე კი გიღიმის"“, - წერს დავით ოქიტაშვილი.
1792041473
მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი - საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე.„საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა დევნილთა მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. შედეგად, 45 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი საცხოვრისი. პარალელურად, წარმატებით ხორციელდება სოფლად სახლის პროგრამა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 2000-მდე ოჯახმა შეძლო სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლად სახლის შეძენა. მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემდეგ, ახალი ბინები დამატებით 2,600 დევნილ ოჯახს გადაეცემა.თუმცა, ამ შთამბეჭდავი შედეგების მიუხედავად, კვლავაც მრავალი დევნილი ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. რაოდენობის გათვალისწინებით, განსახლების საკითხის სრულად მოწესრიგებას დამატებით სულ მცირე 10 წელიწადი დასჭირდება.აქედან გამომდინარე, პროცესების დასაჩქარებლად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება.თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი, საცხოვრისის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომავალ წლებში ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად, გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს. დარწმუნებული ვართ, ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამით ათასობით დევნილი ოჯახი ისარგებლებს.თითოეულ დევნილ ოჯახს ვუსურვებთ კეთილდღეობას და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნებას. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს ამ საკითხების მომზადებისთვის. მადლობას ვუხდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა პრემიერმა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
1791884220
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა."ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
1791790777



