„ეროვნული ბანკი შესაძლოა, დასანქცირდეს - საერთაშორისო ორგანიზაციები ნელ-ნელა გავლენ საქართველოდან“

აკაკი ცომაია

 „ეროვნული ბანკი, თუ მან ასე გააგრძელა მოქმედება, შესაძლოა, თავად აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ ისაუბრა.

ეკონომისტმა აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, საერთაშორისო, საფინანსო, საბანკო და საინვესტიციო ორგანიზაციები ქვეყნიდან გავლენ.

„ეროვნული ბანკი, თუ მან ასე გააგრძელა მოქმედება, შესაძლოა, თავად აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. შემთხვევითი არ არის, რომ ეროვნული ბანკი ოქროს ყიდულობს აქტიურად. ნახეთ, ალბათ, სავალუტო ფონდის შეფასებებიც. ვექცევით მოცემულობაში, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ნელ-ნელა გავლენ საქართველოდან, გავა „იბიარდი“ და საფინანსო ინვესტიციები, გავა საერთაშორისო ინვესტიციები და ეროვნული ბანკის დასანქცირებაში გასაკვირი არაფერი იქნება. 

ფარცხალაძის შემთხვევა არ არის საკმარისი, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა შესაბამისი ზომები მიიღოს და ის სტანდარტი გამოიყენოს, რასაც იყენებდნენ რუსეთის და ბელარუსის მიმართ? თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, თუ ჩვენ ვერ შევძელით ხელისუფლების შეცვლა, მაშინ დაფარული არ არის, სად აღმოვჩნდებით უახლოეს მომავალში - ჩვენ გავიღვიძებთ რუსეთში, ბელარუსში და აქ არანაირი შეღავათი, დანდობა და რაიმე სიყვარული საქართველოს მიმართ აღარ იარსებებს. თავშეკავება საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან თუ ახლა არის, აღარ იქნება ცხადია“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, 7 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო გამოეხმაურა ხელისუფლების მიერ მეორედ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ კანონპროექტის გამო შექმნილმა დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს.

საკანონმდებლო ორგანოში მეორედ შებრუნებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო. დარჩენილია ბოლო მესამე მოსმენა, რომლის დაწყებასაც საპარლამენტო უმრავლესობა 13 მაისს გეგმავს. დედაქალაქსა და რეგიონებში კანონის საწინააღმდეგო უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

საქართველოს მოქალაქეების პროტესტის პარალელურად არ წყდება ქვეყნის საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორების გამოხმაურებები. მეტიც, ევროპარლამენტარების ნაწილი მიმართავს ჯოზეფ ბორელს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

ცნობისთვის, ამ კანონპროექტის მიღებას პარლამენტი გასული წლის მარტშიც გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის საპროტესტო აქციების შემდეგ, 1-ელი მოსმენით მიღებული პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია.