ნიუ-იორკი, ტოკიო, ლონდონი - კიდევ რომელ ქალაქებში იზრდება მილიონერების რიცხვი

ნიუ-იორკი

მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების წლევანდელ რეიტინგში ლიდერი ნიუ-იორკია. ინფორმაციას Bloomberg საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, მეგაპოლისის მცხოვრებლების მთლიანმა ქონებამ 3 ტრლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მოსახლეობით 8,26-მილიონიან ქალაქში ყოველი 24-ე მცხოვრების კაპიტალი 1 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ნიუ-იორკში, დაახლოებით, 350 ათასი მილიონერი ცხოვრობს. ეს, 2013 წელთან შედარებით, 48%-ით მეტია, როცა ქალაქის, თითქმის, ყოველი 36-ე მცხოვრები იყო მილიონერი. 

ამასთან, ნიუ-იორკში კვლავ უმდიდრესი ადამიანების მაღალი კონცენტრაციაა. კერძოდ, მათი რაოდენობა მოიცავს 60 მილიარდერსა და 744 მცხოვრებს, რომელთა ქონებაც 100 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილი სან-ფრანცისკოს ყურის ოლქმა დაიკავა, სადაც 305,7 ათასი მილიონერია. მათი რაოდენობა 10 წლის განმავლობაში 82%-ით გაიზარდა.

მესამე ადგილზე 298,3 ათასი მილიონერით ტოკიოა, რაც, 2013 წელთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია.

შემდეგი სინგაპურია, სადაც მილიონერთა რაოდენობა 10 წლის განმავლობაში 64%-ით გაიზარდა და 244,8 ათასი კაცი შეადგინა.

წამყვან ხუთეულს ხურავს ლონდონი, სადაც, 2013 წელთან შედარებით, 10%-ით ნაკლები, ანუ 227 ათასი მილიონერი ცხოვრობს.

Henley&Partners-ის აღმასრულებელ დირექტორ იურგ შტეფენის შეფასებით, მეგაპოლისებში მილიონერების რაოდენობის ზრდას საფონდო ბირჟების წარმატებამ, მათ შორის, S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსების რალიმ, ასევე, ხელოვნური ინტელექტის, რობოტექნიკისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შეუწყო ხელი.

ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთი ქალაქიდან ბოლო წლებში მილიონერების გადინება დაფიქსირდა. კერძოდ, ლონდონმა, ნაწილობრივ, Brexit-ის გამო მდიდარი მცხოვრებლების 10%, ხოლო ჰონგ-კონგმა პანდემიის შემდეგ სინგაპურში გადასვლის ფონზე მდიდრების 4% დაკარგა.

თუმცა მილიონერების რიცხვი 140%-ით გაიზარდა ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში, ხოლო ინდოეთის ბანგალორში, ვიეტნამის ხოშიმინსა და აშშ-ის სკოტსდეილში გაორმაგდა.