სოფელ ვაზიანში 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის მთავრობამ კომისია შექმნა

სტადიონი

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა თბილისის ცენტრალური სტადიონი დედაქალაქიდან კახეთის გზატკეცილისკენ, სოფელ ვაზიანში გადაიტანოს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა 22 აპრილს გააჟღერა. დღეს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე. 

განკარგულების მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება, კომისიაში ასევე შევლენ ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე თბილისის მერი.

ახალი სტადიონი 70,000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და მასზე მთავრობას სურს, რომ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართოს.

საქართველოს მთავრობას არ წარუდგენია დასაბუთება, თუ რატომ არის გამართლებული ასობით მილიონი ლარის ღირებულების ობიექტის, თბილისის ცენტრალური სტადიონის აშენება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჯერჯერობით იურიდიულად თბილისის შემადგენლობაში არცაა.

ვაზიანში ასევე იგეგმება თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაც, რომელიც ADB-ის წინასწარი შეფასებით, 1.2 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ამჟამად თბილისის ცენტრალური სტადიონია ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი, რომელიც 55,000 მაყურებელს იტევს.