მწიფდება და გაძლევს შემოსავალს იმ სეზონზე, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს - ფერმერი

მოცხარი

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, ადგილობრივ ფერმერს, ტარიელ გურგენიძეს 1 400 ჰექტარზე მოცხარი აქვს გაშენებული, რომლის რეალიზაციას ის როგორც ნაყოფის, ასევე ნერგების სახით ახდენს.

„ფაქტობრივად, აღმოსავლეთ საქართველოს ჰავისთვის დამახასიათებელი კულტურები, ანუ ციტრუსის გარდა, ყველაფერი მომყავს. ესენია, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურები. კენკროვანებში შედის მოცხარი, როგორც წითელი, ასევე შავი, ხურტკმელი, იოშტა, შავი ველური მოცვი.

ბოლო დროს საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ლურჯი მოცვი, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით და სარგებლით გაცილებით უკეთესია შავი მოცვი“, - აცხადებს ფერმერი. 

მისი თქმით, საკმაოდ დიდია მოთხოვნა მოცხარზე და ერთი ნერგიც კი არ რჩება გასაყიდი.

„დღესდღეობით მოცხარი 1 400 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული. საკმაოდ რთულია მისი მოკრეფა და ეს ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია მის მოსაყვანად, თუმცა რეალიზაცია უმარტივესია, რადგან მოთხოვნა დიდია და არასოდეს გაუყიდველი არ რჩება. ამასთან, მას ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს - იგი მწიფდება და გაძლევს შემოსავალს მაშინ, როდესაც სხვა ხილი არ არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ტარიელ გურგენიძე.

როგორც ფერმერი ამბობს, მოცხარის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 4 ლარია კილოგრამზე, მაგრამ სეზონის მიწურულს, როდესაც ის კლებულობს, 7-8 ლარიც ხდება. წლიური მოსავალი კი დაახლოებით 3-4 ტონას შეადგენს.

„რაც შეეხება ნერგებს, მოთხოვნა აქაც გაზრდილია. თუ აქამდე 200-300 ძირი მოცხარის ნერგი იყიდებოდა, ბოლო ორი წელია, ეს რიცხვი 1000-მდე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებმა დაიწყეს მისი მოყვანა, რაც ძალიან კარგ, - აცხადებს ფერმერი.

ტარიელ გურგენიძემ ბიზნეს-იდეაც გაამხილა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესს დაინტერესებს: „კარგი იქნება თუ საქართველოში დაინერგება ამ ხილის ე.წ. შოკური გაყინვის მეთოდი, რაც ზამთარში მაღაზიებში გაყინული ხილის შეძენას გულისხმობს. ძალიან დიდი ფუფუნებაა, გაყინულ მდგომარეობაში ჩვენივე წარმოებული პროდუქტი ვიყიდოთ და არა იმპორტირებული“, - ამბობს ის.

ფერმერმა ბოლო პერიოდში პოპულარულ კენკრაზე, გოჯი ბერიზე, ე.წ. მგლის კენკრის შესახებაც ისაუბრა:

„გოჯი ბერის რამდენიმე ნერგი შემოვიტანე საცდელად. რადგან ახალი კულტურაა, შევხედავ, როგორ იხარებს და შემდეგ გავამრავლებ. ზამთარს გაუძლო, მაგრამ მსხმოიარობა ჯერ არ დაუწყია და ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. რადგან ზამთარს გაუძლო, მგონია, რომ გაამართლებს“, - განაცხადა ტარიელ გურგენიძემ.