„ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა - როდის იყო, კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა?“

სოფლის მეურნეობა

ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული პროდუქციით. ქვეყანა ყიდულობს თითქმის ყველაფერს: ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, ხორცს და ა.შ.

მაგალითად, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით, კიტრის - 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. იმპორტირებული მწვანილი თითქმის, 4-ჯერ, 248%-ით გაძვირდა. გაზრდილია მარწვის იმპორტიც. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. თუმცა, ეს სტატისტიკის მცირე ჩამონათვალია, პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა ისაუბრა, საქართველოს 10-12 მილიონი ადამიანის ბიო-პოტენციალი აქვს და ტროპიკული კულტურის გარდა, აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი. 

„საქართველო უხვი წარმოების შესაძლებლობების ქვეყანაა. მართალია, მისი მასშტაბები შეიძლება ვერ გასწვდეს ექსპორტს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას მოსახლეობის დაკმაყოფილების პრობლემა არ აქვს. მით უმეტეს, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, თევზით. ჩვენ შეგვიძლია 45 ათასი ტონა საქონლის ხორცი ვაწარმოოთ, შეგვიძლია 40 ათასი ტონა ქათმის ხორცი, 8 ათასი ცხვრის ხორცი ანუ ის რაოდენობა, რაც საქართველოს მოთხოვნილების მაქსიმალურ რიცხვამდე მიგვიყვანს. 400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება შეგვიძლია, ასევე ქერი, შვრია, 360 ათასი ტონა ჭვავი, დაახლოებით 900 ათასი ტონა სიმინდი და ა.შ.

ეს ძალიან მრავალდარგოვანი მხარეა სოფლის მეურნეობისთვის და ასეთ მხარეზე ოცნებობენ ქვეყნები. ის სავსეა წყლებით, ჯანსაღი ჰაერით, არაჩვეულებრივი ნიადაგით, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ფასთა პარიტეტი არ არის დადგენილი ქვეყანაში.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამომხმარებლო ღირებულება არ შეიცვლება იმით, რომ ვთქვათ, ბოლოკი მიწიდან ამოვიღოთ ყვითელი, ცისფერი, შავი და ა.შ. ბოლოკი ბოლოკია და მისი სამომხმარებლო ღირებულება ესაა. ამ მიმართებით არის საკითხის დარეგულირება საჭირო“, - განაცხადა აკადემიკოსმა.

კოღუაშვილი სოფლის მეურნეობის ძირითად პრობლემებზე საუბრობს და მისი თქმით, ესენია:

🔵 დიზელის ტიპის საწვავი;

🔵 შუქი, გაზი სოფლის მეურნეობისთვის;

🔵 ტექნიკის მომსახურება;

🔵 ირიგაციული მომსახურება;

🔵 მინერალური სასუქები.
თითოეული ამ კომპონენტის პრობლემა, მისი თქმით, ზედმეტად მაღალი ფასებია.

სოფლის მნიშვნელობა

„სოფელი სტატუსის გარეშე სხვაგვარად ვერ განვითარდება. ის მოკვდება და გაქრება. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, ის უბრალოდ აბრაა. ის, როგორც ტერიოტიული ერთეული, არ არსებობს, ამიტომ ეს უნდა აღვუდგინოთ სოფელს და ამ ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური ყველა საკუთრება უნდა გადაეცეს სოფელს მუდმივ მფლობელობაში და სარგებლობაში უსასყიდლოდ. შემდეგ თვითონ თემი გადაწყვეტს, რას უზამს არ რესურსს - მიწას, წყალს, ტყეს და ა.შ. ამ გზით ხალხი დამშვიდდება, გაფულიანდება, აღარ გაიქცევა.

სოფლის განვითარება რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრებთა სოციალურ-კულტურული სტატუსი მიახლოებით გაუთანაბრდეს ქალაქის მოსახლის სტატუსს. ჩვენთან ეს ყველაფერი მიშვებულია. არადა, მათ შვილებსაც სჭირდებათ ინფორმაცია, გზა, ტრანსპორტი, გართობა, სკოლა, საბავშვო ბაღი, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, რაც პრაქტიკულად ქრება და ამავდროულად იცლება სოფელი“.

პაატა კოღუაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობაში მთელს საქართველოში 240 ათასი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რთული ვერტიკალური-ზონალურობის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის მოთხოვნილება შრომით რესუსრებზე 300 ათასი ადამიანია.

„ამიტომაც არის, რომ ის, რაც 30 წლის წინ გვქონდა, დღეს აღარ გვაქვს. როდის იყო, რომ ჩვენ კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, ხილი შემოგვქონდა? მთავრობამ უნდა გაითავსოს ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს საჭირო სურსათის 70%-ზე მეტი და თუ სურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჰქონდეს გაწონასწორებული სავაჭრო ბალანსი, მთელი ვალუტა უნდა მიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის“.

რეალიზაცია

პაატა კოღუაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემასაც შეეხო და ორი წლის წინანდელი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხორბლისა და ქერის რეალიზაცია.

„ამიტომ, საჭიროა თანამედროვე რეალობის ცეკავშირის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც პროდუქციას შეიძენს და მის რეალიზაციას მოახდენს.

ყველაფერს შეელევა ადამიანი, მაგრამ ვერ შეელევა სურსათის ნაკლებობას, ამიტომ არის, რომ ეს სფერო მთელს მსოფლიოში რეგულირებადია. დოჰას რაუნდი, რომელიც 2000 წელს დაიწყო, დღემდე დაუმთავრებელია იმის გამო, რომ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და მისი მხარდაჭერა.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვართ დღეს ხელგაწვდილ მდგომარეობაში და არ გვაქვს ხორბალი და შესაბამისად პური, არ გვაქვს ბურღულეული, არ გვაქვს თხილი, კარაქი, ზეთი, რძე. თავისუფლად შეგვიძლია ვაწარმოოთ 1,1 მლნ ლიტრი რძე. არ ვიყენებთ უზარმაზარ შესაძლებლობებს, რომლებიც გაგვაჩნია“.

საძოვრები

აკადემიკოსი საძოვრების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გარდა პირუტყვის გამოკვებისა, მაღალმთიან ადგილებში ერთგვარად მესაზღვრეს ფუნქციასაც შეასრულებდა.

„საქართველოს მთიანეთის პრობლემას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მთაში მცხოვრებ კაცს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს, რომელიც 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაკარგა. დღეს ეს სიმდიდრეები მოშიშვლებულია და ამ სიმდიდრეებით ჩრდილო-კავკასიელები სარგებლობენ. მთაში მცხოვრებმა ადამიანმა ფუნქცია დაკარგა და გარდა მესაზღვრისა, ის მოგვიტანდა უამრავ სარგებელს - ჯანსაღ ხორცს, ტყავს და ა.შ.

შიმშილს და სიღარიბეს ყოველთვის სურსათის ნაკლებობა არ იწვევს, მას იწვევს დემოკრატიის ნაკლებობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სოციალური და საწარმო ინფრასტრუქტურის ხელმიუწვდომლობა. მთელი მსოფლიო სანთელივით უფრთხილდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. ჩვენთან პირიქით, გასხვისება ხდება. ახლა საძოვრების გადაყვანა უნდათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში და ეს არის კატასტროფა.

როდესაც ამ დარგში პრობლემები მოგვარდება, ფერმერი აწარმოებს იმ პროდუქტებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს დარეგულირდება, მას გაეზრდება შემოსავალი, მისი შვილიშვილი მიიღებს განათლებას და ის არასოდეს გამოიქცევა სოფლიდან, სწორედ მაშინ გვეშველება“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.