1715083062
დღეს ბზობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"
დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
1715416130
გაიწვიეთ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავახალისებთ მოწოდებას სავიზო რეჟიმის გაფართოებასა და ფინანსურ სანქციებზე - კონგრესმენები კობახიძეს10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი.ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“. ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი - ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები.„გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა შემოიტანა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ განცხადებულ სურვილს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს [სახელით] ვალდებულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია ამოტვიფრული.ნათლად ჩანს, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.ჩვენ უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შედგენილია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საბაბით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, რომ იქიდან მოყოლებული, ამ კანონს პუტინი და მისი ავაზაკები ოპოზიციის გასაქრობად იყენებენ, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენი რწმენით, ქართველ ხალხს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი სურს და [ამას] იმსახურებს. ამ კანონის მიღება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა.ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს თან. 29 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის.🔵 ბ-ნი ივანიშვილი გამოსვლაში ასევე მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათშორის - 16 წლის მანძილზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს, რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს. ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი მთავრობის რეაგირებამ, რაც კანონპროექტის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგის თაობაზე, მათ შორის - ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირას, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა.საინტერესოა, რომ ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა.🔵 ის, რომ თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელიც იკავებს თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20%-ს, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ. საქართველოში სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმებს, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაბუნდოვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის - აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”, - ნათქვამია წერილში.
1715335857
წელს დასასრულებელ კორპუსებში ბინების მხოლოდ 18%, 2025 წლის პროექტებში კი 34%-ია გასაყიდად დარჩენილიწელს დასასრულებელ კორპუსებში ბინების მხოლოდ 18%, 2025 წლის პროექტებში კი 34%-ია გასაყიდად დარჩენილი, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.კერძოდ, კლევის თანახმად, 2024 წელს დასასრულებელ პროექტებში ბინების 82%-უკვე სრულად გაყიდულია, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ 18%; 2025 წელს დასასრულებელ პროექტებში 66%-ია უკვე გაყიდული, ხოლო იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2026-2028 წლებში იგეგმება, ბინების თითქმის ნახევარი - 41%-ია უკვე გაყიდული, შესაბამისად, გასაყიდად ხელმისაწვდომია ბინების 59%.ამასთან, როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%-იანი კლებაა.
1715328683
იანვარ-მარტში ქართველებისთვის ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულებები თურქეთი და რუსეთი იყო2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურები 642.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 521.6 ათასი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.ვიზიტების უმრავლესობა, 48.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5 პროცენტს შეადგენდა.2024 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.8 ათასი და 90.0 ათასი ვიზიტი.2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 5.3 პროცენტით მეტია.განხორციელებული ვიზიტების 97.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1 პროცენტით გაიზარდა და 873.1 ლარი შეადგინა.
1715327727
ნიუ-იორკი, ტოკიო, ლონდონი - კიდევ რომელ ქალაქებში იზრდება მილიონერების რიცხვიმსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების წლევანდელ რეიტინგში ლიდერი ნიუ-იორკია. ინფორმაციას Bloomberg საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.კერძოდ, მეგაპოლისის მცხოვრებლების მთლიანმა ქონებამ 3 ტრლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მოსახლეობით 8,26-მილიონიან ქალაქში ყოველი 24-ე მცხოვრების კაპიტალი 1 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.კვლევის მიხედვით, ნიუ-იორკში, დაახლოებით, 350 ათასი მილიონერი ცხოვრობს. ეს, 2013 წელთან შედარებით, 48%-ით მეტია, როცა ქალაქის, თითქმის, ყოველი 36-ე მცხოვრები იყო მილიონერი. ამასთან, ნიუ-იორკში კვლავ უმდიდრესი ადამიანების მაღალი კონცენტრაციაა. კერძოდ, მათი რაოდენობა მოიცავს 60 მილიარდერსა და 744 მცხოვრებს, რომელთა ქონებაც 100 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს.რეიტინგში მეორე ადგილი სან-ფრანცისკოს ყურის ოლქმა დაიკავა, სადაც 305,7 ათასი მილიონერია. მათი რაოდენობა 10 წლის განმავლობაში 82%-ით გაიზარდა.მესამე ადგილზე 298,3 ათასი მილიონერით ტოკიოა, რაც, 2013 წელთან შედარებით, 5%-ით ნაკლებია.შემდეგი სინგაპურია, სადაც მილიონერთა რაოდენობა 10 წლის განმავლობაში 64%-ით გაიზარდა და 244,8 ათასი კაცი შეადგინა.წამყვან ხუთეულს ხურავს ლონდონი, სადაც, 2013 წელთან შედარებით, 10%-ით ნაკლები, ანუ 227 ათასი მილიონერი ცხოვრობს.Henley&Partners-ის აღმასრულებელ დირექტორ იურგ შტეფენის შეფასებით, მეგაპოლისებში მილიონერების რაოდენობის ზრდას საფონდო ბირჟების წარმატებამ, მათ შორის, S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსების რალიმ, ასევე, ხელოვნური ინტელექტის, რობოტექნიკისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ შეუწყო ხელი.ამასთან, მსოფლიოს ზოგიერთი ქალაქიდან ბოლო წლებში მილიონერების გადინება დაფიქსირდა. კერძოდ, ლონდონმა, ნაწილობრივ, Brexit-ის გამო მდიდარი მცხოვრებლების 10%, ხოლო ჰონგ-კონგმა პანდემიის შემდეგ სინგაპურში გადასვლის ფონზე მდიდრების 4% დაკარგა.თუმცა მილიონერების რიცხვი 140%-ით გაიზარდა ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში, ხოლო ინდოეთის ბანგალორში, ვიეტნამის ხოშიმინსა და აშშ-ის სკოტსდეილში გაორმაგდა.
1715327579
სად შეიძლება აღმოჩნდეს დამზოგველების თანხა და რა რისკებს შეიცავს ცვლილებები საპენსიო სისტემის მოდელში?საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის მნიშვნელოვნად შეცვლას გეგმავს. ცვლილებებს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა. ამავე ცვლილებებით იზრდება ლიმიტები, რომლის ფარგლებშიც საპენსიო ფონდს შეეძლება შევიდეს მსხვილი პროექტების ფინანსირებაში. საუბარია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად პროექტის დაფინანსებაში პირდაპირ მონაწილეობაზე. პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებით, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება, ეს შეიძლება იყოს ჰესის, პორტის თუ სხვა საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება, თუკი აღნიშნულ პროექტის ფინანსირებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ.გარდა ამისა, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭო უქმდება და იქმნება ახალი მმართველობითი საბჭო, რომელსაც 9-15 წევრი ეყოლება. საბჭოში თავის მხრივ, შეიქმნება სამი კომიტეტი, რისკების, აუდიტისა და ინვესტიციების კომიტეტი. ამასთან, აღნიშნული საბჭოს წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აქტივების სხვადასხვა პროექტების ფინანსირებაში გამოყენება დამატებით მოედანს უქმნის მთავრობას ფულის განკარგვის თვალსაზრისით, შესაბამისად შეიძლება ფონდი უფრო მაღალრისკიანი აღმოჩნდეს.„ძირითადად ორი მიმართულებით არის ცვლილებები, ერთი რომ უფრო მაღალრისკიანი საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება შეეძლება ამ ფონდს, შესაბამისად თეორიულად შეიძლება რომ ეს ფონდი უფრო მაღალრისკიანი აღმოჩნდეს. მეორე არის ის, რომ ფონდის მართვის ფილოსოფია იცვლება, შედარებით დამოუკიდებელიდან გადავდივართ მთავრობის ჩართულობის და კონტროლის ქვეშ მყოფი ფონდის სტრუქტურაზე. თუმცა საპენსიო ფონდების ბედი, ზოგადად ძირითადად ასე ვითარდება ხოლმე, როდესაც მთავრობა უფრო მეტად ყოფს ხალხის ჯიბეში ხელს.რაც შეეხება ინვესტირებას, აქტივების სხვადასხვა პროექტების ფინანსირებაში გამოყენება დამატებით მოედანს უქმნის მთავრობას ფულის განკარგვის თვალსაზრისით, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიარდი თანხაა.საპენსიო ფონდის ძირითადი მისია უნდა იყოს დაზოგვა, დოვლათის შენარჩუნება და კონსერვატიული პოლიტიკა. ფაქტობრივად ძალდატანებით ხდება ამ თანხების მობილიზება, რადგან არჩევანის უფლება, დისკრეცია აღარ გვაქვს, ამ ყველაფრის მერე, მათი მაღალრისკიანად განთავსება, გაუმართლებელია“, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილიც საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტების დაფინანსებაში გარკვეულ რისკებს ხედავს. მისი თქმით, მსხვილ პროექტებში საპენსიო თანხების ინვესტირებისას არაერთი საკითხი იქნება გასათვალისწინებელი.„საპენსიო თანხები მსხვილ პროექტებში მიმართვა გარკვეულ რისკებს შეიცავს. შესაძლოა, მთავრობას ამ დანაზოგებით რაიმე საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტის აშენება სურდეს, თუმცა შესაძლოა, თანხების ხარჯვა არაეფექტურად მოხდეს ან საერთოდ ვერც განხორციელდეს პროექტი. ასევე საკითხავია, რამდენად იქნება სარგებლის მომტანი ასეთი ინვესტიცია. ბევრი კითხვაა - მაგალითად, თუკი ჩემს დაზოგილ 1000 ლარს სახელმწიფოს ვანდობ და ის ამ თანხას რომელიმე პროექტში ჩადებს, ასე უფრო მეტ სარგებელს მივიღებ თუ იმ შემთხვევაში, თუკი ამ თანხას კერძო აქტივების მმართველ კომპანიას ვანდობ. როდესაც არსებობს გრძელვადიანი ლარი, ყოველთვის დიდი ცდუნებაა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაიმე პროექტისკენ მიმართოს ეს თანხები.შესაბამისად, გადაწყვეტილებას, რომ მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ, უარყოფითად ვაფასებ. მე უნდა შემეძლოს მივიღო გადაწყვეტილება, ვის ვანდო ჩემი ფული“, - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.ფინანსისტი და საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ საპენსიო სააგენტომ მსხვილი პროექტები მხოლოდ ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით უნდა დააფინანსოს. მისი თქმით, საპენსიო თანხებით პირდაპირი ფორმით პროექტებში ინვესტირება უნდა გამოირიცხოს და შესაბამისი პირობები კანონმდებლობაშიც უნდა გაიწეროს.ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები 4.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან 4.8 მილიარდი ლარი განთავსებულია ნაკლებად რისკიან საპენსიო პორტფელში, დანარჩენი კი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში.