ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.

საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.