Rammstein-ის სოლისტი საქართველოში კონცერტს გამართავს

მსოფლიო 1749026875
Rammstein

გერმანელი მუსიკოსი და როკჯგუფ Rammstein-ის სოლისტი ტილ ლინდემანი საქართველოში კონცერტს გამართავს. ლინდემანის მორიგი მსოფლიო ტურნე, სახელწოდებით Meine Welt ("ჩემი სამყარო"), ოქტომბრის თვეში აიღებს სტარტს და 11 იანვარს, სწორედ თბილისში დაგეგმილი კონცერტით დასრულდება. ღონისძიება თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ბილეთები კი 6 ივნისიდან გაიყიდება. კონცერტის ორგანიზატორი რუსეთში დაფუძნებული სააგენტო Park Live World არის.

ოფიციალური ანონსის მიხედვით, "შეულამაზებელი და სრულიად სხვაგვარად წარმოდგენილი კონცერტებით", ლინდემანი მაყურებელს "თავისი სამყაროს შუაგულს" უჩვენებს. ტურნეს ფარგლებში, მუსიკოსს 17 ქვეყანაში 25-ზე მეტი გამოსვლა აქვს დაგეგმილი. მანამდე, ამ ზაფხულს, ლინდემანი ევროპაში საფესტივალო ტურნესაც გამართავს.

62 წლის ტილ ლინდემანი მეტალის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სოლისტად მიიჩნევა. ინდუსტრიული მეტალ-ბენდი Rammstein კი, რომლის ფრონტმენიც ლინდემანია, შექმნიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც საკულტოდ რჩება. ჯგუფმა მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მათ ხუთ ალბომს კი პლატინის სტატუსი აქვს მიღებული.

Rammstein-ის გარდა, ლინდემანს თავისივე სახელობის სოლო პროექტი Lindemann აქვს. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც გამოჩენილა და გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული.