1777362136
13.2 მლნ ლარი სათამაშო აპარატებიდან - რა თანხა შეიტანა 3 თვეში აზარტულმა ბიზნესმა ხაზინაში მოსაკრებლის სახით
2026 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 40.939 მლნ ლარი შევიდა, რაც 23%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), 2025 წლის 3 თვეში ბიუჯეტში ამ მუხლებიდან 53.275 მლნ ლარის აკუმულირება მოხდა.
რაც შეეხება კონკრეტულად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, წელს იანვარ-მარტში ბიუჯეტში 30.780 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 34.995 მლნ ლარი.
2026 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში შესული 30.780 მლნ ლარიდან თანხები პუნქტების მიხედვით ასე ნაწილდება:
- სათამაშო აპარატებიდან - 13.203 მლნ ლარი
- წამახალისებელი გათამაშებიდან - 1.014 მლნ ლარი
- სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებიდან - 3.583 მლნ ლარი
- სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 12.978 მლნ ლარი
ამასთან, წელს ბიუჯეტში კლუბის მაგიდიდან შევიდა 403 539 ლარი; სამორინეს მაგიდიდან - 12.505 მლნ ლარი; აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 65.9 ათასი ლარი; სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 3.6 ათასი ლარი.
ზოგადად, აზარტული თამაშობები ეს ის ბიზნესია, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 52.647 მლრდ ლარს. 2024 წელს კი აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ მორიგი რეკორდული მაჩვენებლით, 76.155 მლრდ ლარით დაასრულა.



