1789715114
აგვისტოში საქართველოს სასტუმროებში ფასები 6.9%-ით გაიზარდა - PMCG
2026 წლის აგვისტოში საქართველოში 3, 4 და 5-ვარსკვლავიან, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებში ფასები წლიურად 6.9%-ით გაიზარდა.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთში, რაჭასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით, ზრდამ შესაბამისად 15.1%, 13% და 12.8% შეადგინა.
აგვისტოში იმერეთში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი დაახლოებით 250 ლარი იყო, ხოლო 3-ვარსკვლავიან და საოჯახო სასტუმროებში ნომრის საშუალო ღირებულება 150 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
რაჭაში 3 და 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში საშუალო ფასი 250 ლარის ფარგლებში დაფიქსირდა, საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი 100-150 ლარს შეადგენდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 300 ლარს აღემატებოდა, 3-ვარსკვლავიანებში დაახლოებით 200 ლარი იყო, ხოლო საოჯახო სასტუმროებში 100 ლარს ოდნავ აღემატებოდა.
საქართველოს მასშტაბით, 2026 წლის აგვისტოში საოჯახო ტიპის სასტუმროებში ნომრის საშუალო ფასი 134 ლარი იყო. 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში ეს მაჩვენებელი 203 ლარს, 4-ვარსკვლავიანებში კი 298 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, მათი საშუალო ფასი აგვისტოში 598 ლარი იყო. ყველაზე მაღალი საშუალო ღირებულება გურიაში დაფიქსირდა და 1081 ლარს მიაღწია. მას კახეთი 684 ლარით და თბილისი 668 ლარით მოჰყვება.
PMCG-ის კვლევა Booking.com-ზე რეგისტრირებულ, სტრატიფიცირებულად შერჩეულ 568 ერთეულ 3, 4 და 5-ვარსკვლავიან და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს მოიცავს. კვლევაში მითითებული საშუალო ფასები მიმდინარე თვეში ხელმისაწვდომი სასტუმროების მონაცემებზეა დაყრდნობილი.



