ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

ბიზნესი 1785309188
psp

აფთიაქში ადამიანები სხვადასხვა მიზეზით შედიან. ზოგს კონკრეტული მედიკამენტი სჭირდება, ზოგს ექიმის დანიშნულების დაზუსტება, ზოგს კი უბრალოდ სურს, მოუსმინონ და არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ. ეს შეხვედრა, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, იმდენად ხანმოკლეა, რომ იშვიათად გვაფიქრებს, რა დგას მის უკან.

სინამდვილეში, იმ რამდენიმე წუთს წინ უძღვის პროცესი, რომელიც მომხმარებლისთვის თითქმის უხილავია - ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიუხედავად, ცოდნის მუდმივი განახლებაა აუცილებელი; რადგან ფარმაცევტის პროფესია დღეს აღარ არის ისეთი, როგორიც თუნდაც ოცი წლის წინ იყო.

ერთ დროს პროფესიის მთავარი ამოცანა მედიკამენტების შემადგენლობის, მოქმედების და შენახვის პირობების ცოდნა იყო. დღეს ამას კიდევ ბევრი რამ დაემატა: მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გააზრება, ასობით ახალი პროდუქტის ცოდნა, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტების ერთმანეთისგან გარჩევა, მომხმარებლის საჭიროებების შეფასება, სწორი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა. ფარმაცევტი სულ უფრო ხშირად იქცევა იმ ადამიანად, ვისთანაც პაციენტს ჯანდაცვის სისტემაში პირველი შეხება აქვს.

ეს ცვლილება მხოლოდ საქართველოს არ ეხება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფარმაცევტული პრაქტიკა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. პარალელურად, უწყვეტი პროფესიული განათლება პროფესიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ახალი კვლევები, განახლებული რეკომენდაციები, ინოვაციური პროდუქტები, ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პროფესიული ცხოვრების მხოლოდ საწყის ეტაპად მიიჩნევა.

ეს ტრანსფორმაცია, შესაძლოა, ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა ყოველდღიურ პრაქტიკაში კარგად იგრძნობა. საქართველოში ფარმაცევტული სექტორის თანამედროვე განვითარებას საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში სამმა კომპანიამ, მათ შორის PSP-მ, ჩაუყარა. მთავარი გამოწვევა მედიკამენტების ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან ერთად თანამედროვე მედიკამენტებისა და მედიცინის სიახლეების დანერგვა იყო. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ფარმაცევტების ცოდნის უწყვეტმა განვითარებამ ითამაშა.

PSP-მ 1994 წელს ევროპული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების იმპორტი დაიწყო, მოგვიანებით სააფთიაქო ქსელის შექმნა. გაფართოების პარალელურად საჭირო გახდა თანამშრომლების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო სისტემების შექმნაზე ზრუნვა.

2003 წელს კომპანიაში ჩამოყალიბდა იდეა, რომ სწავლა დასაქმებასთან ერთად არ უნდა დასრულებულიყო. ასე შეიქმნა PSP აკადემია, რომელიც დროთა განმავლობაში ტრენინგების სივრციდან უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემად ჩამოყალიბდა.

დღეს აკადემიაში 12 სასწავლო პროგრამა მოქმედებს. ზოგიერთი მათგანი 100 საათზე მეტს მოიცავს. სიახლეების გაცნობის მიზნით კი, ყოველ კვარტალში, სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 5000 მონაწილე გადის სწავლებას. პროგრამები აერთიანებს ფარმაცევტებს, სილამაზის კონსულტანტებსა და მენეჯერებს, ყველას, ვინც ყოველდღიურად მომხმარებელთან ურთიერთობს.

ცოდნის განახლება მხოლოდ შიდა გამოცდილებით აღარ შემოიფარგლება. აკადემიამ მიმდინარე წლის განმავლობაში 30-მდე საერთაშორისო ტრენერს უმასპინძლა. მათი ტრენინგები მხოლოდ ფარმაცევტულ და სამედიცინო თემებს არ მოიცავდა. განხილვის საგანი იყო ყველაფერი, რაც თანამედროვე აფთიაქის ყოველდღიურობას ქმნის - სამკურნალო საშუალებებიდან და საკვები დანამატებიდან დაწყებული, დერმატოკოსმეტიკით, პირის ღრუს მოვლითა და არომათერაპიით დასრულებული. აკადემიაში მუდმივად ხდება ფარმაცევტების, კონსულტანტებისა და მენეჯერების ატესტაცია: ცოდნისა და უნარების შეფასება და განმეორებით სწავლება.

თუმცა, პროფესიული განვითარება მხოლოდ პროდუქტის ცოდნას აღარ ნიშნავს. თანამედროვე აფთიაქში ხარისხიან მომსახურებას გუნდი ქმნის, ხოლო გუნდის ხარისხს - მისი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მენეჯერების განვითარებასაც. თანამედროვე ხელმძღვანელს მხოლოდ პროცესების მართვა აღარ ევალება - მან უნდა შეძლოს გუნდის მოტივაციის შენარჩუნება, მუდმივი ცვლილებების პირობებში ეფექტიანი მუშაობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სწავლა ყოველდღიური კულტურის ნაწილია. ამ მიდგომას დაეფუძნა PSP-ის „მენეჯერების განვითარების" უნიკალური პროგრამა, რომელიც PSP-მენეჯერების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა და ეტაპობრივად ქსელის ყველა მენეჯერს მოიცავს.

შესაძლოა, ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის უხილავი დარჩეს. ის მხოლოდ რამდენიმე წუთს ატარებს აფთიაქში. თუმცა სწორედ ამ რამდენიმე წუთის ხარისხს განსაზღვრავს ის, რაც ბევრად ადრე იწყება - სწავლის სურვილით, პროფესიული განვითარებითა და PSP-ს კორპორაციული კულტურით, რომელიც ცოდნას არა ერთჯერად მოვლენად, არამედ ყოველდღიურ პასუხისმგებლობად აღიქვამს.

“PSP-სთვის ფარმაცევტების ცოდნის მუდმივი განახლება და პროფესიის განვითარება მხოლოდ კომპანიის საჭიროება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ბაზრის ლიდერის როლს ახლავს. საერთაშორისო ფარმაცევტული და სამედიცინო ბრენდებისთვის სანდო და სასურველი პარტნიორის როლში, PSP-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ფარმაცევტული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის პროფესიული განვითარება მუდმივი პროცესია, რომელიც მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობის საფუძველს ქმნის”,- აცხადებენ PSP-ში.

ალბათ სწორედ ამიტომაც შეიცვალა ფარმაცევტის პროფესია ყველაზე მეტად არა გარეგნულად, არამედ შინაარსობრივად - თანამედროვე ფარმაცევტის პროფესია ყოველდღე თავიდან ისწავლება.