გიორგი რამიშვილი ელბაქიძის აღმართზე 7-ბლოკიან კომპლექსს აშენებს - პროექტი საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ შენობებს მოიცავს

ბიზნესი • 1793255690
სილქ რიალ ისთეითი

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან დაკავშირებული კომპანია „საქანელა დეველოპმენტი“ შვიდი შენობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. პროექტი საოფისე და სავაჭრო სივრცეებს, კვების ობიექტებს, საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზსა და საცხოვრებელ ფართებს გააერთიანებს.

შვიდივე ბლოკის მშენებლობაზე კომპანიას შუალედური თანხმობა უკვე მიღებული აქვს.

პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი 22 835 კვადრატული მეტრია, განაშენიანების ფართობი — 42 665 კვადრატული მეტრი, ხოლო საერთო ფართობი — 37 242.13 კვადრატული მეტრი.

კომპლექსის ყველაზე მაღალი შენობა 31-სართულიანი იქნება, მისი მაქსიმალური სიმაღლე კი 114.1 მეტრს მიაღწევს. პროექტით გათვალისწინებული შენობებიდან სამი 4-6-სართულიანია, სანაპიროსკენ ორიენტირებული ბლოკი კი ხუთსართულიანი იქნება. მეექვსე ბლოკი კომპლექსის დომინანტური მოცულობაა და 31 სართულს მოიცავს, მეშვიდე ბლოკი კი 14-სართულიანია.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზანია თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი.

კომპლექსის ხუთ ბლოკში — B1, B2, B3, B4 და B5 — კომერციული ფუნქციებია გათვალისწინებული. აქ დაგეგმილია საოფისე და სავაჭრო სივრცეების, კვების ობიექტების, საცურაო აუზის, სპორტული დარბაზისა და სხვა კომერციული დანიშნულების სივრცეების მოწყობა. დანარჩენი ორი ბლოკი, B6 და B7, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, მრავალბინიან საცხოვრებელ შენობას აერთიანებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა ძველი თბილისის ტრადიციული არქიტექტურით არის შთაგონებული. შენობების ფასადებზე ხის აივნები, ტერასები და ლოჯიები იქნება გამოყენებული. ფასადების ძირითადი ნაწილი თბილი ნაცრისფერი მეტალის პანელებით მოპირკეთდება, შენობების ქვედა ნაწილში კი ნაცრისფერი ბუნებრივი ქვა იქნება გამოყენებული. კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების ჩარჩოები ანტრაციტისფერი ალუმინისგან დამზადდება, მოაჯირებში კი ლითონი და მინა იქნება გამოყენებული.

პროექტის მიხედვით, შენობების ძირითად კონსტრუქციას რკინაბეტონის სვეტებისგან შემდგარი კარკასი წარმოადგენს, რომელიც რკინაბეტონის ხიმინჯებზე იქნება მოწყობილი.

შპს „საქანელა დეველოპმენტს“ შპს „სილქ რიალ ისთეითი“ ფლობს. ამ უკანასკნელის 95%-იანი წილის მფლობელი შპს „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგია“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია.