1786431087
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მეხუთედზე მეტი სესხს ვერ იხდის - რამდენი ადამიანია ე.წ. შავ სიაში
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით, 23.2% სესხს ვერ იხდის - ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 375 188 მსესხებელს, საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) რაოდენობა 1 613 650-ს შეადგენს.
ამასთან, „კრედიტინფოს“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საფინანსო სექტორის ვალი 1 996 116 ადამიანს აქვს, (მოსახლეობის რაოდენობა 3 941 100 - წყარო „საქსტატი“), ეს კი თითქმის ყოველი მეორე ადამიანია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 9 004-ით, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 1 627 პირით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, „კრედიტინფოს“ 2026 წლის ივნისის მონაცემებით, „შავ სიაში“ 373 561 პირი იყო, ხოლო 2025 წლის ივლისის მდგომარეობით იმ პირების რიცხვი, რომელთაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებოდათ კრედიტზე - 366 184-ს შეადგენდა.
ამასთან, 2026 წლის 31 ივლისი მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 102 415 - კომერციული ბანკების კლიენტია, 302 793 პირი - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 5 326 კი - ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია. ეს ორგანიზაციებია: სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.
რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხების დარჩენილ ჯამურ ვალდებულებას, 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, კრედიტინფოს მონაცემებით, ნაშთი 3.062 მლრდ ლარს აღწევს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.8%-ია.
ცნობისთვის, „კრედიტინფო საქართველოს“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 996 116 ადამიანს აქვს, ჯამში, კრედიტების მოცულობა კი 80 182 757 605 ლარს შეადგენს.



