1774941660
დავით ნარმანია: გაიზრდება სოცდაუცველებისთვის კომუნალური სუბსიდიის მოცულობა
„ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება სუბსიდიის მოცულობა, რომელსაც მომხმარებლები მიიღებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, სემეკ-ის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისსა და რეგიონებში ელექტრო ენერგიის სამომხმარებლო ტარიფები 5 თეთრით გაძვირდა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შესაბამისი წესის მიხედვით განსაზღვრული სუბსიდირების მოცულობა გაიზრდება.
„რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების ნაწილს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. თუმცა, რამდენიმე წელია, მთავრობა ასუბსიდირებს მოწყვლად მომხმარებლებს. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასზე ნაკლებია, მთავრობა ეხმარება ელექტროენერგიის გადასახადის გადახდაში.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც, კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება.
კატეგორიები, ვისაც ეძლევა სუბსიდია, მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებაში არის მოცემული. აღნიშნული გადაწყვეტილებით ხდება კომუნალური სუბსიდიის გაცემა მოსახლეობაზე. უბრალოდ, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაიზრდება სუბსიდიის მოცულობა, რომელსაც მიიღებენ მომხმარებლები“, - აცხადებს დავით ნარმანია.
ინფორმაციისთვის, თბილისში მცხოვრები ის აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და აქამდე ერთ კილოვატში 15.041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან კილოვატში 20.041 თეთრს გადაიხდიან. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 25.053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28.537 თეთრამდე იზრდება.
რეგიონში მცხოვრები აბონენტებისთვის, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტრო ენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 14.731 თეთრიდან 19.731 თეთრამდე გაიზრდება. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრიდან 23.707 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.227 თეთრიდან 28.227 თეთრამდე იზრდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასამდეა, ელექტროენერგიის გადასახადს უსუბსიდირებს. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში, სხვა ყველა შემთხვევაში კი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.



