1789715114
7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა - ბაღების სააგენტოს განცხადება
თბილისის 7 საბავშვო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით მიიღეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და ერთი აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტს იძიებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება, თუ აღნიშნულმა ქმედებამ ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკა ოთხ ბაგა-ბაღსა და საბავშვო ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის შემთხვევები შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის სავარაუდო წყაროდაც ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები განიხილება. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“, - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებაში.



