ბანკები დასაკუთრებულ უძრავ ქონებას მესამე პირებზე ვეღარ გააქირავებენ - კანონპროექტი

ბანკები

კომერციულ ბანკებს დასაკუთრებული უძრავი ქონების მესამე პირებზე იჯარით გაცემა ეზღუდებათ. შესაბამისი ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული, რომლის ავტორებიც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები არიან.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბანკები უძრავი ქონების იჯარით გაცემას მხოლოდ საკუთარი საბანკო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, სოციალური პროექტებისთვის ან საკუთარი შვილობილი საწარმოსთვის შეძლებენ. მესამე პირებზე ქონების გაქირავება აღარ იქნება დასაშვები.

მოქმედი კანონმდებლობით, ბანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეუძლია, თუ ფართი საბანკო ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ბანკის სოციალურ პროექტებს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა მიზნებს ემსახურება. მათ შორის, დასაშვებია ბანკის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფარგლებში დასაკუთრებული ქონების გაქირავებაც.

ცვლილების თანახმად, იჯარით გაცემული ქონება უშუალოდ იმ ბანკის საქმიანობას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც მას აქირავებს, ან მის შვილობილ საწარმოს. ამასთან, უცვლელი რჩება სოციალური პროექტებისთვის ქონების გამოყენების შესაძლებლობა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მიზანია, ბანკების მიერ უძრავი ქონების გაქირავება საოპერაციო საჭიროებებს ემსახურებოდეს და დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად არ იქცეს.

ახალი რეგულაცია არ გავრცელდება ბანკის იმ შვილობილ საწარმოზე, რომლის წილიც ბანკმა გაცემული კრედიტის დასაფარად მიიღო და რომლის გასხვისების ვალდებულებაც კანონით არის გათვალისწინებული.