ბულვარი, ფასადები, სკოლა და საავადმყოფო - რა სამუშაოები ჩატარდება ფასანაურში 1.7-მილიონ ლარად

ფასანაური

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების, ბულვარის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადდა.

პროექტი Design-Build (დაპროექტება-მშენებლობა) მეთოდით, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, რაც როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 707 667 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტის ძირითადი ამოცანებია:

  • საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია - ვაჟა-ფშაველას ქუჩა N29-ში;
  • სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია - შოთა რუსთაველის ქუჩა N81-ში;
  • 300 არაგველის ქუჩის რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა - სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2 028 მეტრია (ე.წ. ოსპიტელის ხიდიდან);
  • საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია.

დოკუმენტაციის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა ტიპოლოგიის ობიექტების ახალ მშენებლობას, არსებულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, მათ შორის სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული ან შეწყვეტილი პროექტების დასრულებას.