„გადავწყვიტეთ, უკვე დასრულებული სივრცის მონახულების შესაძლებლობა ახლავე მოგცეთ“ - თბილისის ახალი ზოოპარკი სატესტო რეჟიმში იხსნება

ზოოპარკი

9 აგვისტოდან, თბილისის ახალი ზოოპარკი სატესტო რეჟიმში იხსნება. როგორც ახალი ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ნაწილი – „კავკასიის ექსპოზიცია“ იხსნება.

„ოფიციალურ გახსნას შემოდგომაზე ვგეგმავთ, მაგრამ დიდი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, უკვე დასრულებული სივრცის მონახულების შესაძლებლობა ახლავე მოგცეთ.

ძალიან გვინდა, ოფიციალურ გახსნამდე დარჩენილი დრო თქვენთან აქტიური დიალოგისთვის გამოვიყენოთ. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები: რის დამატებას ისურვებდით? რას შეცვლიდით? თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ პირად შეტყობინებაში ან ელფოსტაზე: contact@zoo.ge. წინასწარ დიდი მადლობა!“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოოპარკის ადმინისტრაცია გაფრთხილებასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ სამშენებლო სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს, დამთვალიერებლები არ უნდა გადავიდნენ გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოსაზღვრულ ზონაში.

„გაითვალისწინეთ: ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები (შენდება კაფე, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი და ა.შ.). გთხოვთ, იმოძრაოთ მხოლოდ ვოლიერების გასწვრივ მარკირებულ გზაზე და არ გადახვიდეთ გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოსაზღვრულ ზონაში“ - წერია ინფორმაციაში.