„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის“ გამო, თბილისში 5 მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

თბილისი

"ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის" გამო, თბილისში 5 მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია საუბარი.

უფრო კონკრეტულად, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საქართველოში მრავალი წელია ფუნქციონირებს „ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი,“ სადაც შესრულებული წარმოდგენები საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთან, თეატრი განთავსებულია თბილისში, გორგასლის ქუჩა №1-ში. აღნიშნულ შენობაში, თეატრს უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს გარკვეული ფართები, რომელიც არ არის საკმარისი მსგავსი ტიპის შემოქმედებითი ორგანიზაციის საქმიანობისთვის. ამასთან, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

ალიევის ცენტრის ასაშენებლად, მოქალაქეებს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თბილისში, გორგასლის ქუჩა მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სახსრებით, ახალი შენობა აშენდეს.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 27 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით გაიმართა ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია. თუმცა. მოგვიანებით, შენობის ტერიტორიის დაპროექტებისას გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთები მშენებლობის განსახორციელებლად არ იყო საკმარისი და ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამშენებლო მოედნის გაზრდის თაობაზე, რამაც დამატებით მოიცვა კიდევ ორი საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

"მითითებული უძრავი ქონების შესაძენად ორივე ქვეყნის მიერ გამოყოფილ იქნა გარკვეული სახსრები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მრავალ მილიონიან ინვესტიციაში ქართული მხარის ჩართულობა გამოიხატება უძრავი ქონების გამოსყიდვაში",- ვკითხულობთ ბრძანებაში.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება –„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ სამშენებლო სამუშაოები, რაც გულისხმობს 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობას. ცენტრის მთავარ შენობაში შესვლისთანავე განთავსებული იქნება 780 კვ.მ ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რაც „ძველი აბანოს“ ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ „ფოიესთან.“ ასევე დაუკავშირდება „ბავშვთა თეატრს“, რომელსაც იმავდროულად მთავარი შენობისგან დამოუკიდებელი ექსპლუატაციის საშუალება ექნება. ობიექტზე მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები.

ამასთან, ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც განხორციელდება კულტურული და აკადემიური პროგრამები.

ბრძანების მიხედვით, გამოსასყიდი უძრავი ქონება წარმოადგენს ე.წ. „იტალიური ეზოს“ ტიპის დასახლებას, სადაც საცხოვრებელი თუ სხვა დამხმარე ფართები, ჩაშლილია ინდივიდუალურ საკადასტრო (ბინა) ერთეულებად (ჯამში მესაკუთრედ რეგისტრირებულია 24 ფიზიკური პირი). იქვე, აღნიშნულია, რომ 2026 წლის 24 მარტის მდგომარეობით, კომპანიის მიერ 13 მესაკუთრესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ნებაყოფლობით იქნა გამოსყიდული.

თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად კომპანიის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული:

  • ტარიელ გუსეინოვის საკუთრებაში არსებული, თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 24.20 კვ.მ ფართის (ბინა №13ა) და შენობაში არსებული 26.50 კვ.მ სხვენსართულის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
  • გოჰარ გასპარიანის საკუთრებაში არსებული თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებული 47.82 კვ.მ ფართის და შენობაში განთავსებული 48.35 კვ.მ სხვენის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
  • მედიკო პაპიაშვილის საკუთრებაში არსებული, თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 26.49 კვ.მ ფართის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
  • მარინე კობიაშვილის საკუთრებაში არსებული, თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში არსებული 10.69 კვ.მ ფართის და შენობაში არსებული 7.38 კვ.მ ფართის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
  • დარიკო პაპიაშვილის საკუთრებაში არსებული, თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებული 26.09 კვ.მ ფართის (№5); იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული 15.30 კვ.მ ფართის (ბინა №5ა), 33.65 კვ.მ ფართის ( №17 ) და 41.33 კვ.მ ფართის (სხვენი 17ა) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ გადაწყვეტილების შესახებ და მიეცათ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება - სსიპ-„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი" ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ზემოქმედების ფარგლებში არსებულ, ზემოთ ნახსენები 5 მოქალაქის უძრავ ქონებაზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოქალაქეებს ბრძანების გასაჩივრების უფლება აქვთ, მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

BPN