ირაკლი კობახიძე - ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი

ირაკლი კობახიძე

ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა გადაიხედება.

მისივე თქმით, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც დახმარება რეალურად ესაჭიროებათ.

„გახსოვთ მაგალითად, თუ არ ვცდები 2014-2015 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს, გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ. აქაც მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა მდგომარეობა არის ასეთი, რომ ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ სოციალური ბაზების გადამოწმებაზე, ეს არ იყო გადაწყვეტილება, უბრალოდ ასე ხდებოდა, რომ არსებითად ეს პროცესი არ დაწყებულა, 2020 წელს კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხდებოდა ამ ბაზის გადამოწმება. შედეგად მივიღეთ, რომ ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროცესს, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გადამოწმების მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებისას, სამართალდარღვევის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება. ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, ბაზიდან პირთა ამოღება ავტომატურად არ ნიშნავს მათ პასუხისმგებლობის დაყენებას.

IPN