1776243480
კაფეებსა და რესტორნებში პლასტმასის ბოთლით სასმელს ვეღარ შეიძენთ - როდიდან ამოქმედება აკრძალვა
კაფეებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში პლასტმასის ბოთლით სასმელს ვეღარ შეიძენთ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
უწყების ცნობით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება.
"ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა. რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება
პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტავს:
2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია:
პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება:
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება:
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
2026 წლის 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა და პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება.



