მოსახლეობის ევაკუაცია და გზების ავტომატური ჩაკეტვა საფრთხის შემთხვევაში - თბილისის მერია 8.6-მილიონიან ტენდერს აცხადებს

მეწყერი

თბილისის მერიამ წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიისთვის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის შესყიდვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გაზრდილია შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: თავდაპირველად განსაზღვრული 5 648 559 ლარის ნაცვლად, განახლებული პირობებით შესყიდვის ბიუჯეტი 8 604 028 ლარამდე გაიზარდა.

ტექნიკური დავალების თანახმად, მონიტორინგის და გაფრთხილების სისტემა წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე გამოვლენილ გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიურ საფრთხეებზე რეაგირებისთვისაა გათვლილი.

დოკუმენტაციაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ზონა მნიშვნელოვნად დაზარალდა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი კატასტროფული მეწყრისა და ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად.

„პროექტით გათვალისწინებული ზონა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ თბილისის წყნეთი-ახალდაბის დერეფანში, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი კატასტროფული მეწყრისა და ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად.

ეს ტერიტორია დედაქალაქში პოტენციურად ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ზონად რჩება, მომდევნო წლებშიც დაფიქსირდა ფერდობების არამდგრადობის, ღვარცოფების განმეორებითი მოვლენები. საინჟინროგეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ კოჯრისა და ახალდაბას ფორმაციების ფერდობები შედგება ქვიშაქვის, მერგელის, ალევრიტისა და არგილიტის ურთიერთმონაცვლეობისგან, რომლებიც ქმნიან მეწყრებისადმი მიდრეკილ ციცაბო, სტრუქტურულად დასუსტებულ ფერდობებს.

ჰიდროლოგიური და კლიმატური შეფასებები დამატებით ხაზს უსვამს ინტენსიური ნალექების როლს, როგორც მასის მოძრაობისა და ძლიერი წყალმოვარდნის პროცესების მთავარ გამომწვევ ფაქტორს. გეოლოგიური გარემოსა და ჰიდრომეტეოროლოგიური ფაქტორების ეს კომბინაცია ხაზს უსვამს როგორც მდგრადობის, ასევე წყალშემკრების მასშტაბის ჰიდროლოგიური დინამიკის უწყვეტი და საიმედო მონიტორინგის გადაუდებელ აუცილებლობას“, - ნათქვამია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ფერდობის არამდგრადობის ნიშნების გამოვლენისთანავე, სისტემამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი უწყებების დროული ინფორმირება, რათა ოპერატიულად მიიღონ გადაწყვეტილება დაზიანებული გზის მონაკვეთების ჩაკეტვისა და მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

„ახალი მონიტორინგის სისტემით დაცვის ძირითადი მიზანია, პოტენციური არამდგრადობის ნიშნების აღმოჩენისას, მიღებული იყოს დროული გადაწყვეტილებები დაზიანებული გზის მონაკვეთების ჩაკეტვისა და მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

ამ ფუნქციას ასევე დაემატოს საგზაო ავტომატური ბარიერების დამონტაჟება, რაც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში სწრაფ და კონტროლირებად მართვას.

კონტრაქტორი პასუხისმგებელია სისტემის მიერ სიგნალის დათქმულ დროში მიწოდებაზე, ხოლო ფიზიკური რეაგირება (ევაკუაცია და ა.შ.) წარმოადგენს სახელმწიფო/მუნიციპალური ორგანოების უფლებამოსილებას.

დაცვის მეორე რიგის, მაგრამ არანაკლებ ან უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია თბილისის ურბანული ტერიტორია მდინარის დინების მიმართულებით - განსაკუთრებით, მჭიდროდ დასახლებული სვანიძის ქუჩა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.

პროექტით გათვალისწინებულ ზონაში წარმოშობილ არამდგრადობას შეუძლია მდინარის დინების მიმართულებით გავრცელება და წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების წარმოქმნა, რაც საფრთხეს უქმნის დედაქალაქში ადამიანთა სიცოცხლეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას“, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პროცესებისა და არეალების სრული კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, რის გამოც სისტემა მაღალი რისკის ზონებზეა კონცენტრირებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია და მისი რეალიზება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, 2026-2031 წლებში, შემდეგი პროპორციით განხორციელდება:

  • 2026 წელი - 20%;
  • 2027 წელი - 35%;
  • 2028 წელი - 15%;
  • 2029 წელი - 15%;
  • 2030 წელი - 10%;
  • 2031 წელი - 5%.