მთავრობა ადიგენში 10 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას დააფინანსებს - რამდენს მიიღებენ სტიქიით დაზარალებულები

ადიგენი

საქართველოს მთავრობამ ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 10 ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განკარგულება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

მთავრობის განკარგულებით, დახმარება იმ ოჯახებს გაეწევათ, რომელთა საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად იმდენად დაზიანდა, რომ მათი შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია.

როგორც განკარგულებიდან ირკვევა, პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართის შეძენის მიზნით, ფინანსურ დახმარებას 10 ოჯახს გაუწევს.

დოკუმენტის მიხედვით, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც სხვა რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ, დახმარების ოდენობა 50 000 ლარამდე განისაზღვრება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი ფართი აქვს ან განკარგულებით განსაზღვრულ შესაბამის კატეგორიას მიეკუთვნება, ფინანსური დახმარების მაქსიმალური ოდენობა 30 000 ლარამდე იქნება.

ამავე განკარგულებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გამოყოფილი თანხის მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგების წარდგენა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მხოლოდ იმ ბენეფიციარებზე გაიცემა, რომლებიც დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ.

როგორც ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ "ბიზნესპრენსიუსს" განუმარტა, აღნიშნული დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, რომლებიც მეწყრულ ზონაში ცხოვრობენ. მისი თქმით, ადგილობრივი მთავრობა მათ შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ ხელისუფლებას აწვდის, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე კი დგინდება ექვემდებარება თუ არა ოჯახი სხვა საცხოვრებელში გადაყვანას.

ცნობისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტი სტიქიამ არა მხოლოდ წელს, არამედ გასული წლის ზაფხულშიც დააზარალა.

BPN