მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - სამუშაოები 1.8 მლნ ლარი დაჯდება

ორთაჭალჰესის ხიდი

თბილისის მერია ორთაჭალჰესის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადდა.

უფრო კონკრეტულად, თბილისში, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდი-აკვედუკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი 1-ელ მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 17 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 831 208 ლარს შეადგენს.

„საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს: ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა გრაფიკული ჭრილებით, გრუნტის სინჯების აღება და სხვა გეოტექნიკური კვლევები და გამოცდა.

განმარტებითი ბარათი უნდა შეიცავდეს: ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ აღწერას, რომლებიც ასახავენ ხიდი-გზაგამტარის არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და ხელოვნური ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს, შესასრულებელ სამუშაოთა აღწერას და სხვა,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.