პლასტმასის ბოთლებით სასმლისა და წყლის რეალიზაციის აკრძალვა გადავადდა 2031 წლამდე - ახალი გადაწყვეტილება

პლასტმასის მინი-ბოთლი

პლასტმასის ბოთლებით სასმლისა და წყლის რეალიზაციის აკრძალვა გადავადდა 2031 წლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

თუმცა ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები. მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების პლასტმასის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა), 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო. მთავრობის ამ წინა გადაწყვეტილებას, ბიზნესის მხრიდან კრიტიკა მოყვა, რის შემდეგაც მათთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.