როგორი იქნება განახლებული რუსთაველის გამზირი

რუსთაველი

დღეიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. შედეგად, აღნიშნულ გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, გავრცელებული რენდერებით ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა ავტობუსის ზოლი, ველობილიკი. ასევე ფოტოებიდან ვიგებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ ქვაფებნილის აყრას და ასფალტის დაგებას. იქნება რამდენიმე ზებრა გადასავლელიც.

რენდერებიდან ჩანს ასევე, რომ ავტომობილების სამოძრაო ზოლებს ერთმანეთისგან გამწვანების ზოლით გამოყოფენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გუშინ წერდა, რომ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ნინო ბაგაშვილის თქმით, განახლდება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებიც - ალ. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის და ა.შ.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესში, 4 თვის განმავლობაში შეიცვლება სამოძრაო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

ცნობილი ხდება, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 50 მილონამდე ლარია.