რუსული Wildberries-ის შავი პერიოდი - 5 მლრდ დოლარამდე ზარალი და ბიზნესი, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება

Wildberries

2026 წლის ივლისი-აგვისტო რუსული ელექტრონული კომერციისთვის შავი პერიოდია. ამის შესახებ რუსული კომპანია, MP Manager თავის ვებგვრდზე წერს, რომელიც IT-გადაწყვეტილებებს Wildberries-ის, Ozon-ის და Yandex Market-ის სავაჭრო პლატფორმებისთვის ავითარებს.

კომპანიის განახლებული მონაცემებით, Wildberries-ის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების უპრეცედენტო თავდასხმების სერიამ რუსეთის 16 რეგიონში, მოსკოვის რეგიონიდან ანექსირებულ ყირიმამდე, ვოლგის რეგიონამდე და ურალამდე 23 სადისტრიბუციო-გამანაწილებელი ცენტრი მწყობრიდან გამოიყვანა.

“Wildberries-ის საწყობებზე თავდასხმები კოორდინირებული იყო და 2-4-დღიანი ინტერვალებით ტალღებად განხორციელდა. ბოლო მასიური თავდასხმა 16 აგვისტოს, მოსკოვის რეგიონში მოხდა, რამაც კოლედინოში მდებარე მთავარ სადისტრიბუციო ჰაბი და დომოდედოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კომპლექსი დააზიანა,” - წერს MP Manager.

Wildberries-ის მთლიანი ზარალის ზუსტი შეფასება ჯერ არ არის შედგენილი, მაგრამ ცნობილია შემდეგი მონაცემები: ინფრასტრუქტურის ღირებულების მხრივ, დაზიანებული უძრავი ქონების ოდენობა 60 მლრდ რუბლს (711.56 მლნ დოლარს) შეადგენს. ექსპლუატაციიდან ამოღებული ობიექტების, ანუ 444.000 კვ. მეტრის აღდგენას 35.5 მლრდ რუბლი (421 მლნ დოლარი) სჭირდება. ამასთან, მაგალითად, 2024 წელს შუშარის საწყობში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გამყიდველებისთვის გაცემულმა კომპენსაციამ 35 მლრდ რუბლი (415 მლნ დოლარი) შეადგინა.

რაც შეეხება დაკარგულ ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, თავიდან Wildberries-ის დეკლარირებული ინფრასტრუქტურის მოცულობა 5.2 მლნ კვ. მ-ს, ანუ 100%-ს შეადგენდა. აქედან დაბომბილი ობიექტების ფართობი 1.35-1.62 მლნ კვ.მეტრს, ანუ 26-31%-ს შეადგენს, ხოლო დაზიანებული ფართობი 950 000-1.25 მლნ კვ.მეტრი, ანუ 18-24%-ია.

სხვადასხვა შეფასებით, თავდასხმების შედეგად მიღებული მთლიანი ეკონომიკური ზარალი 340-435 მლრდ რუბლს, ანუ 4-5 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მოიცავს დაზიანებული ინფრასტრუქტურის ღირებულებას, საცალო ვაჭრობის პროდუქციის დანაკარგსა და მიწოდების ჯაჭვების აღსადგენად კომპანიების ოპერაციულ ხარჯს. მხოლოდ სამარაში ასობით საცალო გამყიდველმა მარაგის 100% დაკარგა. ექსპერტები 4 აგვისტოს თავდასხმების ტალღისგან მიყენებულ ბიზნეს-ზარალს უკვე ათობით მილიარდ რუბლად აფასებენ.

საცალო გამყიდველების პოტენციური დანაკარგი 214.9-დან 279.6 მლრდ რუბლამდე, ანუ 2.5-დან 3.3 მლრდ დოლარად არის შეფასებული. თავდასხმების შედეგად დაზარალებული მეწარმეების რაოდენობამ შესაძლოა, რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწიოს.

რაც შეეხება ლოგისტიკურ ქსელზე ზემოქმედებას, ფედერალური ლოგისტიკური ობიექტების 18-24% მწყობრიდან გამოვიდა. ეს კომპანიის ყოველი მეხუთე საწყობია. ანალიტიკოსების შეფასებით, 7 აგვისტოს მდგომარეობით Wildberries-მა დროებით ან სამუდამოდ რუსეთში თავისი სასაწყობო სიმძლავრეების, თითქმის, მესამედი დაკარგა.

ლოგისტიკისთვის დამდგარი შედეგებით, ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთში საშუალო მიწოდების დრო 3-6 დღით გაიზარდა. შორეული მანძილზე, ანუ მაგისტრალური ლოგისტიკის ღირებულება ციმბირსა და ურალის გავლით შეკვეთების „წრიული“ ტრანსპორტირების საჭიროების გამო გაიზარდა.

ბიზნესის საოპერაციო მოგება შესაძლოა, კრიტიკულ მინიმუმამდე დაეცეს.

ამასთან, რამდენიმე კატეგორიაში საქონლის, განსაკუთრებით, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, ტანსაცმლისა და მცირე ელექტრონიკის დეფიციტისა და ლოგისტიკური ხარჯის ზრდის გამო მარკეტპლეისზე გამოფენილი ნივთების საბოლოო ფასი შესაძლოა, 10-15%-ით გაიზარდოს. საცალო მოვაჭრეებისთვის ეს ფასების გადახედვის აუცილებლობას ნიშნავს.

ბევრი რეგიონული საცალო მოვაჭრისთვის სამ ან ოთხ საწყობში მარაგის დაკარგვა ერთდროულად ვირტუალურ გაკოტრებას ნიშნავს. ბიზნესები ფულადი ნაკადის დეფიციტს, მიუწვდომელი საქონლისთვის სესხების დაფარვის აუცილებლობას და საძიებო რეიტინგის დაკარგვას აწყდებიან.

“Wildberries თავის ისტორიაში ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის. ლიდერობის შესანარჩუნებლად კომპანია საგანგებო ზომებს იღებს, როგორიც არის „გაქცევა“ დსთ-ში,” - წერს MP Manager

კერძოდ, Wildberries-მა ყაზახეთში ნებისმიერი ხელმისაწვდომი სასაწყობო სივრცის სასწრაფო ძებნა და შეძენა დაიწყო. გაცხადებული საჭირო ფართობი, მინიმუმ, 100 000 კვადრატული მეტრს შეადგენს. რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული საწყობები მარაგის შენახვის უსაფრთხო ცენტრებად ითვლება.

თავად რუსეთში დიდი ლოგისტიკური პარკების მფლობელები ამჟამად უკიდურესად ერიდებიან Wildberries-ისთან ახალი იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებას. Wildberries-ის ბრენდის ქვეშ არსებული ნებისმიერი ობიექტი ამჟამად ბაზარზე მაღალი რისკის ზონად აღიქმება.

რატომ სჭირდება აღდგენას წლები და არა თვეები?! მაგალითად, 100 000 კვ.მეტრის საწყობის მზა მშენებლობას 12-18 თვე სჭირდება. თუმცა მშენებლობის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპი უნდა დასრულდეს. ეს არის საგამოძიებო სამუშაოები და ექსპერტების შეფასებები (2-4 კვირა), ნანგრევების გაწმენდა და დაზიანებული ნაგებობების დემონტაჟი (2-4 თვე) და ახალი ობიექტის პროექტირება (2-4 თვე). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს საძირკვლის სამუშაოები და მონტაჟი. საერთო ჯამში, დრონების შეტევიდან ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე დრო, დაზიანების მასშტაბის მიხედვით, 1.5-დან 3 წლამდე მერყეობს.

“ივლისის მოვლენებმა მთლიანად შეცვალა რუსული ელექტრონული კომერციის ლანდშაფტი. დასრულდა ასობით ათასი ნივთის ერთ გიგანტურ საწყობში უაზროდ შენახვის ერა,” - წერს MP Manager.

ცნობისთვის: Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები 2024 წლის ოქტომბერში, ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზით დაიწყო. მაშინვე აქტიურად ამუშავდა Wildberries-ის ქართულენოვანი ვებგვერდი. ქართული ფრენჩაიზი შპს “ტრანსკომ გრუპია,” რომელიც, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს დარეგისტრირდა.

წყარო