1771837200
საქართველოში ბინადრობის მიღება დაჩქარებული წესით 600 ლარამდე ჯდება - როგორია პროცედურები
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის დაწყება ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განმარტავენ, ამისთვის მსურველმა საჭიროა ელექტრონულად ატვირთოს საჭირო დოკუმენტები, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს ნება ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.
როგორც სააგენტო განმარტავს, აღნიშნული პროცედურიდან 10 დღის ვადაში, საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, ასევე, უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ფორმითაც.
იმისთვის, რომ უცხოელმა განაცხადის რეგისტრაცია შეძლოს უნდა იყოს 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი უცხოელი. არასრულწლოვანების შემთხვევაში კი, პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
განაცხადის საფუძველზე უცხოელმა შესაძლოა საქართველოში მიიღოს:
- შრომითი ბინადრობის ნებართვა
- სასწავლო ბინადრობის ნებართვა
- ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით
- საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა
- სპეციალური ბინადრობის ნებართვა
- მუდმივი ცხოვრების ნებართვა
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა
- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა
- უვადო ბინადრობის ნებართვა
ამათგან ნებისმიერი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
შრომით ბინადრობის ნებართვა გაიცემა შრომით იმიგრანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. ამისთვის კი, შრომითმა იმიგრანტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის.
გარდა ამისა, უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. ასეთ შემთხვევაში, შრომითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ისევე როგორც სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა და სპეციალური ბინადრობის ნებართვა (ეს უკანასკნელი გამონაკლის შემთხვევებში 5 წლის ვადითაც გაიცემა).
მუდმივი ცხოვრების ნებართვა - გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.
უვადო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. ან, 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში აქვს ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, როგორც წესი, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება 30 კალენდარულ დღეში და 30-ე კალენდარულ დღეს მომსახურების საფასური შეადგენს 300 ლარს, დაჩქარებული მომსახურების საფასური (მე-20 კალენდარულ დღეს) - 450 ლარს, 10 კალენდარულ დღეში კი - 600 ლარს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანისა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ სფეროებში აკრძალა.
დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი, ასევე, იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც წლიური კვოტები წესდება.
დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთ სფეროში უცხოელების დასაქმებაზე ნულოვანი კვოტაა განსაზღვრული.



