საცხოვრებელი სახლები, თეატრი და პარკი - ველისციხის რეაბილიტაციის დასასრულებლად 28.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა (+ფოტო)

თეატრი და პარკი

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 582 736 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს დასრულდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, პროექტი ველისციხის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კერძოდ, იგეგმება:

  • ცენტრალური ქუჩისა და მის მიმდებარედ არსებული სახლების რეაბილიტაცია (ჯამში 55 ობიექტი);
  • არსებული თეატრის ფასადებისა და პირველი სართულის რეკონსტრუქცია;
  • თეატრის მოედნის, ავტოსადგურისა და ველისციხის 3.4 ჰექტარი პარკის კეთილმოწყობა.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ცენტრალური ქუჩებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გზის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ტროტუარების განახლება, მიერთების კვანძების მოწყობა და თანამედროვე გარე განათების სისტემების განთავსება.

სამუშაოების დასრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეა განსაზღვრული.

პროექტს საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის - „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს.

შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისტორიული სოფლის რეაბილიტაცია 2022 წელს დაიწყო, თუმცა კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2026 წლის თებერვალში მათთან 30 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება შეწყდა. ამჟამად ობიექტზე ახალი შემსრულებლის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.