თბილისს შესაძლოა, ახალი შესასვლელი და გასასვლელი დაემატოს - რა სიახლეზე საუბრობს კახა კალაძე

კალაძე

„თბილისს შესაძლოა, ახალი შესასვლელი და გასასვლელი დაემატოს,“ - ამ სიახლის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში იქნება მზად და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებასაც წარუდგენენ.

„მინდა ერთ სიახლესთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დედაქალაქის ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები განვიხილეთ.

სიახლე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ადამიანებს, ვინც ავტომობილით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, შევთავაზოთ ალტერნატივა.

უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები თუ რომელი კონკრეტული გზა იქნება გამოსადეგი, მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას და ამ ყველაფერს საზოგადოებას წარვუდგენთ.

ამ სიახლეში ჩართულები არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და აღნიშნული პროექტი მათი ჩართულობით განხორციელდება,“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.