წელს საარსებო შემწეობა 139 870 პირს შეუწყდა - რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას

სოციალური დახმარება

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 6 546 ადამიანს შეუწყდა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი ბაზიდან ჯამში 139 870 ადამიანის ამოღება მოხდა.

კერძოდ, 2026 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 576 902-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 570 356-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში:

  • იანვარი - 710 226 ადამიანი;
  • თებერვალი - 709 458 ადამიანი;
  • მარტი - 667 793 ადამიანი;
  • აპრილი - 645 920 ადამიანი;
  • მაისი - 605 033 ადამიანი;
  • ივნისი - 584 137 ადამიანი;
  • ივლისი - 576 902 ადამიანი;
  • აგვისტო - 570 356 ადამიანი.

შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“

ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზია ის, რომ ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.

BPN