უნგრეთის პრემიერმა ხელფასი გაინახევრა - ანაზღაურება შეუმცირდებათ სხვა სახელმწიფო მოხელეებსაც

უნგრეთი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის პოლიტიკური ელიტის ხელფასების შემცირება დააანონსა.

როგორც უნგრული მედია წერს, ამის პარალელურად მან საკუთარი ყოველთვიური ანაზღაურებაც 3.8 მლნ ფორინტამდე შეამცირა. ცნობისთვის, ეს ხელფასი მისი წინამორბედის, ვიქრტორ ორბანის უკანასკნელი ხელფასის ნახევარზე ნაკლებია. ბოლო ინფორმაციით, ორბანის ყოველთვიური ხელფასი 7.8 მილიონი ფორინტი (22 000 ევრო) იყო.

მადიარი რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ახალი მთავრობის გეგმების თანახმად, მინისტრების, პარლამენტის წევრების, მერებისა და სახელმწიფო კომპანიების უფროსი ხელმძღვანელების ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდება.

მადიარმა ასევე პირობა დადო, რომ შეამცირებდა პარლამენტის ხარჯების შემწეობას, რამაც, მისი თქმით, პარლამენტის წევრებს საშუალება მისცა, ყოველთვიურად 7 მილიონ ფორინტამდე თანხა მოეთხოვათ საწვავის, საცხოვრებლისა და პერსონალთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.

მთავრობა ასევე გეგმავს დიპლომატიური პასპორტების გაცემასთან და სამსახურებრივ მანქანებზე ლურჯი საავარიო შუქების გამოყენებასთან დაკავშირებული წესების გამკაცრებას. მადიარის თქმით, ლურჯი შუქების გამოყენების უფლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩება და ისიც მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში.

„მნიშვნელოვანია, როგორ მაგალითს ვაჩვენებთ უნგრელ ხალხს და გარე სამყაროს“, - განაცხადა მან ინტერვიუს დროს.