1789715114
ვინ ამარაგებს თბილისის საბავშვო ბაღებს?
თბილისის საბავშვო ბაღებში, სადაც სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ლაბორატორიული სინჯები აიღეს და გამოკითხვაზე დაიბარეს იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მათ ამარაგებდნენ.
გამოძიებას აინტერესებს, რა იყო მიზეზი, რის გამოც 55 ბავშვი და ერთი აღმზრდელი კლინიკაში გადაიყვანეს, ასობით ბავშვმა კი ვერ შეძლო საბავშვო ბაღში მისვლა იმის გამო, რომ სააღმზრდელო დაწესებულება დახურული იყო.
სავარაუდო ინტოქსიკაციის შემთხვევა თბილისის 20 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა, მათგან სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა შვიდში, თუმცა დანარჩენ 13-ში მშობლების დიდმა ნაწილმა ბავშვები აღარ მიიყვანა.
პირველად ეჭვი საკვებზე გაჩნდა, თუმცა ბაღის დირექტორები, არ გამორიცხავენ რაიმე ვირუსის გავრცელებას.
17 სექტემბერს, როცა შეიძლება ინტოქსიკაციის შემთხვევა მომხდარიყო, თბილისის საბავშვო ბაღების მენიუში იყო რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული. როგორც ირკვევა, ამ პროდუქტებს თბილისის საბავშვო ბაღებს ერთი და იგივე კომპანიები აწვდიან.
- ი.მ. მანანა ღვინცაძე საბავშვო ბაღებს აწვდის რძის პროდუქტებს: რძე, მაწონი, ხაჭო, არაჟანი. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ საბავშვო ბაღებს უნდა მიაწოდოს ბელორუსული რძე და საქართველოში წარმოებული სხვა რძის პროდუქტები.
- "თარეა" — ხორცი. ტენდერის მიხედვით, „ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაუყინავი, გაცივებული, ძვალგამოცლილი“.
- შპს „ინ“ — ხილ-ბოსტნეული, კარაქი, პური, ბურღულეული, ქათამი. ტენდერის მიხედვით, ნაღების კარაქი და რძის ფხვნილი უნდა იყოს ირანული და ბელორუსული წარმოების, ქათამი [ჯერ არ შეუტანიათ] კი — ქართული.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები. ასევე ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მოთხოვნები“ - ეწერა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
18 სექტემბერს თბილისში შვიდმა საბავშვო ბაღმა, „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“, აღსაზრდელები არ მიიღო. საუბარია მე-10, 22-ე, 31-ე, 49-ე, 59-ე, 109-ე და 124-ე ბაღებზე.
ბაღების დირექტორებმა განაცხადეს, რომ მათ ბაღებში ყველა პროდუქტი შესაბამისი დოკუმენტაციით და პირობებით შედის. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და საბოლოო პასუხს შესაბამისი კვლევების დასრულებას ელოდებიან. საბოლოოდ ამის შემდეგ გაირკვევა ინტოქსიკაციაა თუ ვირუსი.
„როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ოთხი დღის წინ საჯარო ბაღების მიღწევებზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოთხ ბაგა ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. გამოკითხეს 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით - სიცოცხლისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისთვის ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია“, - ამბობენ საგამოძიებო უწყებაში.
მომზადებულია „რადიო თავისუფლების“ მასალის მიხედვით



