1746945421
დღეიდან სოხუმში ფრენები ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც იწყება - რეისებს სანქცირებული ავიაკომპანია განახორციელებს

მოსკოვის გარდა, სოხუმში პირდაპირი ფრენები ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც იწყება. პირველი რეისი დღეს, თბილისის დროით 13:50 სთ-ზე რუსული ავიაკომპანია, „იკარი“ შეასრულებს.
ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე წერია.
კერძოდ, მარშრუტის სიგრძე 1497 კმ-ს, ხოლო ფრენის დრო 3:29 სთ-ს შეადგენს. რეისი EO1297 ნიჟნი ნოვგოროდი-სოხუმი Embraer EMB 190/EMB 195-ის თვითმფრინავით შესრულდება. სოხუმის აეროპორტში თვითმფრინავი თბილისის დროით 17:19 სთ-ზე იქნება.
ბილეთის ფასი ერთ კაცზე ხელბარგით 9734 რუბლი (120 დოლარამდეა), ხოლო დამატებითი ბარგის შემთხვევაში ფასს 2566 რუბლი (32 დოლარამდე) ემატება.
„იკარის“ ვებგვერდზე მითითებულია, რომ რეისზე ადგილებს ერთდროულად ორი ავიაკომპანია, Nordwind Airlines და Pegas Fly ყიდის. „იკარი“ 2015 წლიდან სწორედ Pegas Fly-ის სახელით ოპერირებს.
შემდეგი რეისი 13 მაისს შესრულდება.
ორენბურგში ბაზირებული „იკარი,“ ისევე, როგორც Nordwind იმ ავიაკომპანიების შავ სიაშია, რომლებიც ევროკავშირმა დაასანქცირა და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი“ და Скол.
უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.
რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის კოდს, ის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO-მ) ჯერ კიდევ 2006 წელს გააუქმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
ცნობისთვის: 1-ლი მაისიდან, 32 წლის შემდეგ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თვითმფრინავი, თითქმის, სრული დატვირთვით, ანუ ბორტზე 49 მგზავრით აფრინდა. თბილისის დროით, დაახლოებით, 19:20 საათზე თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში წარმატებით დაეშვა.
bpn.ge