McDonald's ირანის ომის გამო მომხმარებლებს კარგავს - კომპანიამ შესაძლოა, ფრენჩაიზების ქსელს გადახედოს

მაკდონალდსი

ირანის ომის გამო საწვავზე ფასების ზრდა არაპროპორციული ძალით მოქმედებს დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებზე, რაც მათ McDonald's-ის შეკვეთებზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

ამის შესახებ Reuters კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ კრის კემპჩინსკიზე დაყრდნობთ წერს.

სააგენტოს შეფასებით, McDonald's, ისევე, როგორც სწრაფი კვების სხვა რამდენიმე ქსელი მეტად არის დამოკიდებული დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებზე და სპეციალური შეთავაზებები აქვს, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსებით მეტი მომხმარებელი მიიზიდოს.

„საწვავზე მაღალი ფასები არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ამჟამად ვაწყდებით… მაკროეკონომიკური გარემო ნამდვილად არ უმჯობესდება და შესაძლოა, ცოტათი გაუარესდეს კიდეც,“ - ამბობს კემპჩინსკი.

მისი ცნობით, მცირდება მარჟაც, რადგან ინფლაცია კომპანიას აიძულებს, პროდუქტებზე, ქაღალდსა და საწვავზე მეტი დახარჯოს. კერძოდ, აშშ-ში გასულ წელთან შედარებით შედეგი 25%-ით შემცირდა და 59 მლნ დოლარს მიაღწია.

კემპჩინსკი დასძენს, რომ McDonald's-მა შედეგების გასაუმჯობესებლად შესაძლოა, ფრენჩაიზების ქსელს გადახედოს.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ გაყიდვების ზრდა მოლოდინს ჩამორჩება, კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა პროგნოზირებულ 6.47 მლრდ დოლარს გადააჭარბა და 6.52 მლრდ დოლარი შეადგინა.

გაყიდვების სუსტი კვარტალური ზრდა რესტორნების რამდენიმე სხვა ამერიკულმა ქსელმაც დააფიქსირა, როგორიც არის Shake Shack, Papa John's, Wingstop და Domino's. მიზეზად ირანში ომის გავლენა სახელდება.