მგზავრების წონის კლება ავიაკომპანიებს მილიონებს დაუზოგავს - Financial Times

ავიაკომპანია

GLP-1-ის კლასის პრეპარატის დახმარებით მგზავრების მიერ საშუალო წონის 10%-ით დაკლებამ აშშ-ის ოთხ უმსხვილეს ავიაკომპანიას წელიწადში შესაძლოა, 580 მლნ დოლარი დააზოგვინოს. ამის შესახებ Financial Times წერს.

კერძოდ, Boeing 737 Max 8-ის ბორტზე მყოფი 178 მგზავრის საშუალო წონის 10%-ით დაკლება თვითმფრინავის აფრენის წონას 2%-ით შეამცირებს, რაც პოტენციურად საწვავის ხარჯის შემცირებას გამოიწვევს.

გამოცემა წერს, რომ ავიაკომპანიები თვითმფრინავის წონის შესამცირებლად ყველა ზომას მიმართავენ, როგორიც არის, მათ შორის, მენიუდან ზეთისხილის ამოღება, მსუბუქი ჭურჭლის გამოყენება და სასმელი ურიკების წონის შემცირება. მაგალითად, როცა ავიაკომპანია United Airlines-მა თავისი საბორტო ჟურნალი სისქეში შეათხელა, საწვავის დაზოგვამ წელიწადში, თითქმის, 300 000 დოლარი შეადგინა.

“ასეთი ეკონომია, განსაკუთრებით, საწვავის მაღალი ფასების გათვალისწინებით მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ავიაკომპანიებს შეუძლიათ, მასის გამოთავისუფლებული რეზერვი კომერციული ტვირთის გადასაზიდად გამოიყენონ, რომლის ტარიფებიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, “ - წერს Financial Times.

თუმცა სახელდება ამ ტრენდის უარყოფითი მხარეც. კერძოდ, წონის დაკლების პრეპარატების მიმღები ადამიანები ბორტზე ნაკლებ სნეკსა და გაზიან სასმელს ყიდულობენ, რასაც ავიაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალი მოაქვს.