„წვიმის ღმერთები“ - ახალი სტარტაპი დრონებით ღრუბლების „დათესვას“ იწყებს: რატომ შიშობენ ეკოლოგები?

დრონი

მსოფლიოში მტკნარი წყლის დეფიციტის ფონზე, ამინდის მართვა და ხელოვნური წვიმის გამოწვევა რეალურ ბიზნესად იქცა. სან-ფრანცისკოს სტარტაპმა Rainmaker-მა ალასკაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ღრუბლები „დათესა“ და 3 საათში 19 მილიონი გალონი წყალი მიიღო.

ტექნოლოგია, რომელიც 80 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა, ეკოლოგებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზულ კითხვებს აჩენს.

საინტერესოა, როგორ ცდილობენ მეცნიერები ცის „მოტყუებას“ და რა საფრთხეებს შეიცავს ის?

საიდუმლო ექსპერიმენტი ალასკის ცაზე და 19 (დაახლოებით, 72 ტონა წყალი) მილიონი გალონი წყალი

23 აგვისტოს, ალასკის ქალაქ ჰომერის მცხოვრებმა კუპერ ფრიმენმა არ იცოდა, რომ მის თავსზემოთ არსებულ ღრუბლებში წვიმის გამოსაწვევად ვერცხლის ნაერთს აფრქვევდნენ. მოგვიანებით, ჰომერის ათასობით მცხოვრებმა შეიტყო, რომ სან-ფრანცისკოს სტარტაპმა Rainmaker-მა მათ რეგიონში ღრუბლების დათესვის ექსპერიმენტი ჩაატარა.

კომპანიის განცხადებით, მათ სამ საათში ცაში 19 მილიონი ამერიკული გალონი წყალი წარმოქმნეს.

ამინდის მოდიფიკაციის ეს მეთოდი 80 წელზე მეტი ხნისაა. ის თვითმფრინავებისა თუ დრონების მეშვეობით ღრუბლებში ისეთი ნაერთების გაფრქვევას გულისხმობს, როგორიცაა ვერცხლის იოდიდი, რათა ყინულის კრისტალები ჩამოყალიბდეს.

პროცესის არსი: კრისტალები იზრდება და ქვედა შრეებში არსებული ტემპერატურის მიხედვით წვიმის ან თოვლის სახით მოდის დედამიწაზე. ტექნოლოგია აჩქარებს წყლის ორთქლის ბუნებრივ კონდენსაციას ღრუბლებში.

თუმცა პროცესს სჭირდება იდეალური კლიმატური გარემო, მაგალითად, ცივი ან მთიანი რეგიონები, როგორიცაა ალასკა.

ღრუბლების “დათესვას“ საფუძველი 1946 წელს ჩაეყარა, როდესაც General Electric-ის მკვლევარებმა მშრალი ყინული გამოიყენეს. ერთი წლის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ვერცხლის იოდიდი მშრალ ყინულზე ბევრად ეფექტური იყო.

ეკოლოგების განგაში: არის თუ არა უსაფრთხო ვერცხლის იოდიდი?

ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის ალასკის დირექტორი კუპერ ფრიმენი შეშფოთებულია, რომ მოსახლეობა ექსპერიმენტის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს. იგი ეჭვქვეშ აყენებს პროცესის უსაფრთხოებას როგორც ადგილობრივებისთვის, ისე გარემოსთვის.

„არ ჩატარებულა მონიტორინგი იმის დასადგენად, იმოქმედა თუ არა ამ ვერცხლის იოდიდმა გარემოზე,“ - აცხადებს ფრიმენი. მისი თქმით, კომპანიის მიერ ჩატარებული პროცედურა წყლის პრობლემებს ვერ გადაჭრის და ეს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ჰგავს.

თავის მხრივ, Rainmaker-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ოგასტუს დორიკო აცხადებს, რომ თითოეული ფრენისას ათასობით კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 20 გრამი ვერცხლი გამოიყოფა. მისი განმარტებით, ნიადაგზე ნივთიერების კონცენტრაციის მატება იმდენად მცირეა, რომ FDA-ს მიერ დაშვებულ ზღვარზე ბევრად დაბალია.

„წვეთი ზღვაში“: შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას წყლის კრიზისის გადაჭრა?

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო მტკნარ წყალს იმაზე სწრაფად მოიხმარს, ვიდრე მისი აღდგენა ხდება. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღრუბლების დათესვა დიდ ცვლილებას არ იწვევს - მაგალითად, Rainmaker-ის მიერ მიღებული 19 მილიონი გალონი 100 კვადრატულ მილზე წვიმის მხოლოდ 0.01 დუიმს შეადგენს.

იუტას კლიმატური ცენტრის კლიმატოლოგ ჯონ მეიერის თქმით, სწორი პირობების არსებობისას ტექნოლოგიას ნალექების 5-დან 10%-მდე გაზრდა შეუძლია.

2017 წლის მნიშვნელოვანმა კვლევამ რადარებისა და ნალექზომების მეშვეობით დაადასტურა, რომ ვერცხლის იოდიდი ეფექტურად მუშაობს.

Rainmaker-ი უკვე საქმიანობს ისეთ შტატებში, როგორებიცაა აიდაჰო, იუტა, კოლორადო და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ იორდანიაში, სადაც მოსახლეობას წყალი კვირაში ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება.

ნიადაგის ცილები ვერცხლის ნაცვლად: ინოვაციური ალტერნატივა

სან-ფრანცისკოს კომპანია Recast Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლივია ლი ატარებს ექსპერიმენტებს ნიადაგში არსებული ამინომჟავებისგან მიღებულ პროტეინზე.

ტეხასის A&M უნივერსიტეტში ჩატარებული ტესტების მიხედვით, ეს ახალი აგენტი:

  • არის სრულიად უსაფრთხო და ბიოდეგრადირებადი;
  • ყინულის წარმოქმნას უფრო მაღალი ეფექტურობით უზრუნველყოფს, ვიდრე ვერცხლის იოდიდი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წყლის დეფიციტის ზრდასთან ერთად, მსგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება.

წყარო: bbc