„უკრაინულ ბრიგადებში ადამიანი დღიურად 70-80 კილოგრამს კრეფს“ - რა პლუსები აქვს მოცვის მოსაკრეფად უცხოელების ჩამოყვანას

მოცვი

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ მოცვის ბაღებში ჩამოჰყავთ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც, რომლებიც მოსავლის აღებაში ეხმარებიან“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „კარტლისის“ წარმომადგენელი და დარგის ექსპერტი, სალომე დოღონაძე.

მისი თქმით, საქართველოში არსებული პროფესიონალი ლურჯი მოცვის მკრეფავების რესურსი არასაკმარისია და უცხოელების ჩამოყვანა ამ მიზეზით არის განპირობებული.

„საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურის საფუძვლიანი განვითარება 2016 წლიდან დაიწყო და მსხმოიარე ბაღების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამ კენკრის მოკრეფას სპეციალური ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდება, რა კუთხითაც პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა ბაღებისა და მსხმოიარობის ზრდის მასშტაბი ამ მაჩვენებლის მატებას მნიშვნელოვნად აღემატება.

გიდასტურებთ იმასაც, რომ საქართველოში, არსებობს კარგი ადგილობრივი მკრეფავებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებიც უფრო და უფრო იხვეწებიან და გამოცდილებას იძენენ, ოღონდ, მათი რაოდენობა მკვეთრად არასაკმარისია და უცხოელების ჩამოყვანის აუცილებლობაც ამიტომ ჩნდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხი, რაშიც მოკრეფის სიჩქარე და ნაყოფის კონტეინერამდე მიტანის სპეციფიკა იგულისხმება - კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ამ მისიას ყველას ნამდვილად ვერ ანდობ“.

დოღონაძის განმარტებით, ქართველ და უცხოელ მკრეფავებს შორის ანაზღაურების ნაწილში განსხვავება არ არსებობს და ეს იმაზეა დამოკიდებული, რა რაოდენობასაც დღის განმავლობაში დაკრეფენ.

„რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ანაზღაურება მოკრეფილი კილოგრამების მიხედვით ხდება, შესაბამისად, ქართველიც და უცხოელიც თანაბარ პირობებში არიან. დამკვეთის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ცხადია, უცხოელის ჩამოყვანა ჯამურად მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგრამ მას ეს უღირს და, აი, რატომ: წლევანდელი დაკვირვებით, უკრაინული ბრიგადის თითოეული ადამიანი, თავის წილად, დღეში 70-80 კილოგრამ მოსავალს იღებს და კონტეინერში ისე ათავსებს, შემდგომი პრობლემების შექმნის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოკრეფა-მოთავსების პროცესის სათანადო პროფესიონალიზმით ვერშესრულების შემთხვევაში, დიდი შანსია, ნაყოფი დაზიანდეს ან მისი ხელახლა გადარჩევა დაგჭირდეს, რაც როგორც გემოვნობის, ასევე ხარისხის დაქვეითებას იწვევს“.

კითხვაზე, რა პერსპექტივებია, ლურჯი მოცვის მხრივ, წლევანდელ სეზონზე, დოღონაძე ამბობს, რომ მცენარემ ურთულესი სავეგეტაციო პერიოდი გადაიტანა და მისი პროდუქტიულობა უმაღლესი გამოვლინებით წელს მოსალოდნელი არაა.

„მოცვის გაყიდვა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და თავდაპირველად კილოგრამზე ჩასაბარებელი ფასი დაახლოებით 60 ლარი იყო, თუმცა უკვე 1 კვირაა, რაც 25 ლარის ფარგლებშია დასტაბილურებული.

სავარაუდოა, რომ წელს მოსავალი მხოლოდ იმიტომ თუ გაიზრდება, რომ ბაღების ასაკი და მსხმოიარობაში შესვლის მასშტაბი იმატებს, თორემ, სხვა მხრივ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში მოცვის მასშტაბურად მოყვანა-წარმოება დაიწყო, ასეთი ცუდი ამინდები არასდროს ყოფილა - თოვლი, ყინვა, ტემპერატურის მკვეთრი და სწრაფი ცვალებადობა და ეს ყველაფერი ემთხვეოდა სწორედ იმ საკვანძო პერიოდებს, როცა მცენარე ყვავილობდა, ნაყოფის განვითარებას იწყებდა და ა.შ. ასე რომ, ამ კულტურისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოწვევებით დატვირთული სავეგეტაციო წელია“, - აღნიშნა დარგის ექსპერტმა.